საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ დეკლარაცია, რომელსაც დღეს ხელი მოეწერა, ძალიან სიმბოლურია.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დიმიტრი ამილახვარს ქართულ ემიგრაციაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა.
„დიმიტრი ამილახვარი ჩვენთან ძალიან ახლოს არის და ჩემთან შეიძლება კიდევ უფრო ახლოს, რადგან ამ გმირის პატივისცემაში გავიზარდე. მას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ქართულ ემიგრაციაში. ყველას ახსოვს ლექსი, რომელიც ასე მთავრდება, რომ დიმიტრი ამილახვარი ორი ტყვიით მოკვდა, ერთი საქართველოსთვის და ერთი საფრანგეთისთვის, თუ ერთი საფრანგეთისთვის და ერთი საქართველოსთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ ახალი შეთანხმება საფრანგეთსა და საქართველოს შორის არის დიმიტრი ამილახვრის სახელობის.
„ის სფეროები, რომლებზეც დღეს შეხვედრაზე დეტალურად ვისაუბრეთ, ეკონომიკაზე, კულტურაზე, უსაფრთხოებასა თუ განათლებაზე, ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტად აისახა. ყველა ეს სფერო ამ ქოლგის ქვეშ იქნება, დიმიტრი ამილახვრის მოლაპარაკებების ქვეშ, რომელიც იქნება წლიური ფორმატი და გაიშლება სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებებით. ეს გვაძლევს იმ ჩარჩოებს, რომელზედაც ერთად გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაფუძნების დეკლარაციას დღეს ხელი მოაწერეს.