თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრები თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტს განიხილავენ. სხდომას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს თბილისი მერის მოადგილე მაია ბითაძე და „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლები ესწრებიან. კომისიის თავმჯდომარის რევაზ სოხაძის განცხადებით, გენერალურ გეგმასთან ერთად, ახალ რეგულაციებს განიხილავენ, რომელიც K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვას გულისხმობს.
„საკრებულოში გენერალური გეგმის პროექტი რამდენიმე თვის წინ შემოვიდა. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით გენერალურ გეგმასთან და იმ რეგულაციებთან დაკავშირებით , რომელიც დედაქალაქში მიმდინარე ქაოტურ მშენებლობებს შეაჩერებს. ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია ქალაქისთვის“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.