გერმანიის ნაკრების მცველი მატს ჰუმელსი მიუნხენის „ბაიერნის" ღირსებას დაიცავს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, თუმცა ახლა 27 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერა ხელი. დოკუმენტის მიხედვით, ჰუმელსი „წითლების" მაისურით 2021 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
მატს ჰუმელსი „ბაიერნის" აღზრდილია და ამ გუნდის რიგებში ერთი მატჩიც აქვს ჩატარებული. 2008 წლიდან იგი დორტმუნდის „ბორუსიას" ფერებს ატარებდა და გუნდთან ერთად ორჯერ მოიპოვა ბუნდესლიგის ჩემპიონობა, 2011 და 2012 წლებში, ერთხელ აღმართა თავს ზემოთ ქვეყნის თასი (2012) და ორჯერ გახდა სუპერთასის გამარჯვებული (2013 და 2014 წლებში).