„დიდი ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ კომუნიკაციებს, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და პრეზიდენტთან კოორდინაციის გააქტიურებას“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავამ განაცხადა.
„დღეს დავამტკიცეთ ჩვენი კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმა. კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პირველად იქნა შემუშავებული და რაც მთავარია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომიტეტის აქტივობა ამ გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა. წელს ვგეგმავთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერებაზე, რაც გულისხმობს რეგულარული მოსმენების ჩატარებას საგარეო პოლიტიკის თემატურ მიმართულებებზე, რაზეც საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი იკვეთება. ასევე, დიდი ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ კომუნიკაციებს, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და პრეზიდენტთან კოორდინაციის გააქტიურებას და მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის შექმნის საკანონმდებლო პაკეტს დღეს ვუყარეთ კენჭი პირველი მოსმენით. ვგეგმავთ, რომ კოორდინირებულად ვიმუშაოთ საბჭოსთან ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჰიბრიდული საფრთხეები და დეზინფორმაცია“, - განაცხადა სოფო ქაცარავამ.