„მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ გუნდის ყველა წევრი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მხრიდან გუნდის შესაძლო დატოვების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ თვითონ განვაცხადეთ, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული თემა არის რთული პოლიტიკური თემა. როგორც ყველა რთულ საკითხს, ამასაც მოჰყვებოდა რა თქმა უნდა, აქტიური განხილვები. მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ მოსამართლეების შერჩევა და დამტკიცება უვადოდ მოხდება გამჭვირვალედ, სასამართლოს გარედანაც ექნებათ ადამიანებს მონაწილეობის შესაძლებლობა და პარლამენტი, ამერიკის კონგრესის სტანდარტით, ზუსტად ისე, როგორც ეს არის ამერიკის კონგრესში, ანუ კანდიდატებთან პირდაპირი ინტერვიუების, შეკითხვების გზით, მოახდენს კანდიდატურების განხილვას და კენჭისყრაც მოხდება ინდივიდუალურად. რაც შეეხება უვადო დანიშვნების გადავადებას, გუშინ გაიმართა იურიდიული კომიტეტის სხდომა. მოვისმინეთ არგუმენტები და ერთ -ერთი არგუმენტი არის მაგალითად ის, რომ სასამართლო სისტემაში დღეს მუშაობენ პროფესიონალი მოსამართლეები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ელოდებიან სამი წლის შემდეგ დანიშვნაზე გადაწყვეტილებას. ალბათ, არ იქნება სწორი, თუ სახელმწიფო ამ ადამიანებს მიუხურავს კარს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება თალაკვაძის მოლოდინებს გუნდიდან რამდენიმე დეპუტატის შესაძლო წასვლის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ის ყველაფერს აკეთებს გუნდის ერთიანობის შენარჩუნებისთვის.
„ჩვენი მიზანი არის, რაც შეიძლება მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ყველა ის ადამიანი და ჩვენი გუნდის წევრი, ვისთან ერთადაც დავიწყეთ საქმიანობა. ასევე, ბევრი ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესების სათავესთან იდგა. მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ გუნდის ყველა წევრი მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.