logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო არა მხოლოდ სარგებლობს უსაფრთხოების გარანტიებით, არამედ ქმნის მათ
- +

24 მაისი. 2016. 14:48


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე NATO-ს სამომავლო კურსისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა.



ხვალ ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის 25- წლისთავს აღვნიშნავთ. ამ 25 წლის მანძილზე, ჩვენი პარტნიორების დახმარებით, გრძელი გზა გამოვიარეთ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ ისტორიული თარიღის თქვენი აქ ყოფნის დროს აღნიშვნის შესაძლებლობა გვაქვს. NATO- სამომავლო კურსისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ალიანსის რეაქციის განსასაზღვრავად, ვარშავის მომავალი სამიტი უმნიშვნელოვანესია. ევროატლანტიკურ საზოგადოებას გზის გაკვლევა უწევს რთული სისტემის ფარგლებში, რომელშიც სხვადასხვა ტიპის საფრთხეები სხვადასხვა სახის წყაროდან მომდინარეობს. ამჟამინდელი გამოწვევების მრავალფეროვნება ერთიან, თანმიმდევრულ და მოქნილ რეაგირებას საჭიროებს. მომავალი 2 დღის მანძილზე დაგეგმილი დისკუსია ამ გამოწვევებზე ერთიანი პასუხის განსაზღვრის საშუალებას მოგვცემს. ამასთან, ჩვენ გვწამს, რომ NATO ევროატლანტიკურ სივრცესა და მის გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამ თვალსაზრისით, საქართველო ალიანსთან თავისი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნის ერთგულია. ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე ჩვენ საერთაშორისო მისიებში მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვსარგებლობთ უსაფრთხოების გარანტიებით, არამედ ვქმნით მათ. ეს შეეხება როგორც საგარეო, ისე საშინაო ვითარებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



მისივე თქმით, ეროვნულ დონეზე, საქართველო აგრძელებს ამბიციურ რეფორმებს უფრო ძლიერი, მყარი სახელმწიფოს ასაგებად, რომელსაც ძალუძს გაუმკლავდეს საფრთხეებს, რომლებიც ევროპას მის საზღვრებში და საზღვრებს მიღმა ემუქრება.



საქართველო, შავი ზღვა და კავკასიის რეგიონი იმ თავსატეხის მნიშვნელოვანი ნაწილებია, რომელსაც NATO აგროვებს. ესაა წერტილი, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება. ესაა ტერიტორია, სადაც ალიანსი და მისი პარტნიორები პასუხისმგებლობას ინაწილებენ. დიდად ვამაყობ იმ სახელმწიფოს ხელმძღვანელობით, რომელმაც მიუხედავად არსებული საგარეო გამოწვევებისა, მნიშვნელოვანი რესურსები გაიღო თავისი მოქალაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს სტაბილურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გარანტირებული, თუ სუვერენიტეტი, თავისუფლება და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღირებულებები სრულად იქნება დაცული. ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას ამის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ, ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენაა არაორაზროვნად მიმართული. ესაა ქართველი ხალხისა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალების, მათ შორის ოპოზიციის არჩევანი", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.



მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების სრულიად ერთგულია.



როგორც პარტნიორი სახელმწიფო, ჩვენ მზად ვართ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების გლობალური სტრატეგიის შემუშავების პროცესში ვითანამშრომლოთ. ჩვენ ასევე ვუჭერთ მხარს ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტს (CSDP). როგორც თქვენთვისაა ცნობილი, საქართველო თავის ჯარისკაცებს ევროკავშირის მალისა და ცენტრალურ აფრიკის მისიებში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მომავალ თვეებში ამოქმედდება. უნდა აღნიშნოს, რომ ჩვენი ევროალანტიკური მიზნები არავის წინააღმდეგაა მიმართული. პირიქით, ჩვენმა სწრაფვამ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა უნდა გააძლიეროს. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ამ არჩევანს კონრეტულ შედეგებამდე მივყავართ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner