„ოპოზიციის წარმომადგენლები, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, უნდა მოეშვან თვალთმაქცობას და საზოგადოების დარწმუნებას, რომ მართლაც ბიზნესის ბედი ანაღვლებთ“, - ამ განცხადებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, „თიბისი ბანკის“ საქმეში ივანიშვილის ინტერესებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი განცხადებები არაგულწრფელია.
თალაკვაძე, „თიბისი ბანკის“ საქმის საპარლამენტო რეჟიმში განხილვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პარლამენტი უნდა დაელოდოს საგამოძიებო უწყებებისა და ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან მიწოდებულ ინფორმაციას.
„პარლამენტი ამ საქმეს ყურადღებით ადევნებს თვალს. ამ მომენტში მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს საგამოძიებო სტრუქტურებმაც, მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმაც. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მივიღოთ ეს ინფორმაცია და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები. ბანკს და ბიზნესს სახელმწიფოსგან აქვს მხარდაჭერა. კერძო ბიზნესის დაცვა ეს არის „ქართული ოცნების“ ღირებულება, რომლითაც ჩვენ ხელისუფლების პერიოდში ვსაქმიანობთ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.