„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პირველად იქნა შემუშავებული და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კომიტეტის აქტივობა სწორედ ამ გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა“, - აღნიშნული განცხადება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
მომხსენებელმა, კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას, იმ ძირითად აქტივობებზე ისაუბრა, რაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წლის განმავლობაში აქვს დაგეგმილი.
„წელს ვგეგმავთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერებაზე, რაც გულისხმობს რეგულარული მოსმენების ჩატარებას საგარეო პოლიტიკის თემატურ მიმართულებებზე, რაზეც საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი იკვეთება“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. მისივე თქმით, ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ კომუნიკაციებს, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და პრეზიდენტთან კოორდინაციის გააქტიურებას.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის შექმნის საკანონმდებლო პაკეტი კანონმდებლებმა პირველი მოსმენით დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე განიხილეს.
„ვგეგმავთ, რომ კოორდინირებულად ვიმუშაოთ საბჭოსთან ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჰიბრიდული საფრთხეები და დეზინფორმაცია“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაჭრა, არაღიარების პოლიტიკა, NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რეგიონული კავშირების გაძლიერება, ეკონომიკური დიპლომატია, საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერება და სტრატეგიული კომუნიკაციები არის სწორედ ის პრიორიტეტები, რაზეც მიმდინარე წლის განმავლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი იმუშავებს.
სოფიო ქაცარავას განცხადებით, 2018 წლის სექტემბერში პირველად ჩატარდა საპარლამენტო კონფერენცია, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციების და დეზინფორმაციის სფეროს მიეძღვნა. „ჩვენ გავითვალისწინეთ კონფერენციაზე გამოთქმული რეკომენდაციები და მოსაზრებები და ვმუშაობთ მათ იმპლემენტაციაზე“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე. სოფიო ქაცარავას განმარტებით, კომიტეტში უკვე შეიქმნა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი.