logo_geo
eng_logo
გელა კეტაშვილი: „ქართული ოცნების“ ყრილობაზე იმდენი ნაციონალი დავინახე, პირი ღია დამრჩა!“
- +

24 მაისი. 2016. 15:00


„ასავალ-დასავალის" წინა ნომერში ვწერდით, რომ ამა წლის 14 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ „ქართული ოცნების" ყრილობას ბევრი ისეთი ადამიანი ესწრებოდა, რომლებსაც ქართველი საზოგადოება სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის გულმხურვალე მხარდამჭერებად იცნობს.


სამაგიეროდ, „ქართული ოცნების" ყრილობაზე არ მიიწვიეს ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც ნაცრეჟიმთან უთანასწორო ბრძოლაში თავს არ ზოგავდა და „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსასვლელად უკანასკნელ ძალისხმევასაც არ იშურებდა.


კონკრეტული მაგალითი გნებავთ? - 14 მაისს „ქართული ოცნების" ყრილობას ესწრებოდნენ ფეხბურთელი ძმები არველაძეები, რომლებიც სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის მიმართ თავიანთ სიმპათიებს არასოდეს მალავდნენ და 9-წლიანი რეჟიმის მხარდამჭერებად გვევლინებოდნენ.


თუმცა, ქართული ოცნების" პარტიულ ყრილობას არ ესწრებოდა სახელოვანი ქართველი ფეხბურთელი, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი, რომელსაც სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ 9-წლიან ბრძოლაში ხმალი ქარქაშში არ ჩაუგია და იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას" აქტიურად უჭერდა მხარს, არაერთხელ გამხდარა უსამართლობისა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი.


დავინტერესდი, იყო თუ არა მიწვეული გელა კეტაშვილი „ქართული ოცნების" ყრილობაზე და ამის გასარკვევად თავად მას დავუკავშირდი, პასუხად კი აი, რა მივიღე:


- „ქართული ოცნების" ყრილობაზე არ მიმიწვიეს და სპორტის სასახლეში ძალით ხომ არ შევიჭრებოდი?!


ძმებ არველაძეებთან პიროვნულად არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მთელმა საქართველომ იცის, რომ ისინი ყოველთვის ნაციონალებს უჭერდნენ მხარს და ნამდვილად არ ველოდი, „ქართული ოცნების" ყრილობაზე თუ აღმოჩნდებოდნენ.


- პირდაპირ გკითხავთ - დაგწყდათ თუ არა გული, რომ „ქართული ოცნების" ყრილობაზე არ მიგიწვიეს?

 

- მეც პირდაპირ გიპასუხებთ - „ქართული ოცნების" ყრილობაზე რომ არ დამპატიჟეს, ეს პირად შეურაცხყოფად მივიღე და ძალიან დამწყდა გული!


საერთოდ, „ქართული ოცნების" ყრილობაზე იმდენი ნაციონალი დავინახე, პირი ღია დამრჩა!


ეს ხელისუფლება თუ კვლავ ნაციონალებთან კოჰაბიტაციას აპირებს, მაშინ ჩვენი ქვეყნის საქმე დაღუპულა და ეგ არის!


გაოგნებული ვარ - ნაციონალების რეჟიმთან ბრძოლას ლამის თავი შევაკალით, სისხლი ჩავანთხიეთ, რა არ გადავიტანეთ და ჩვენი მოყვანილი ხელისუფლება ჩვენზე წინ ნაციონალებსა და მათ მხარდამჭერ ე.წ. სახეებს აყენებს?!


იცით, რა გამოვიდა? - „იმუშავეთ, ვირებო, ჭამეთ - ბრიგადირებო!"


ქართველი ხალხი სიცივესაც მოითმენს და შიმშილსაც, მაგრამ უსამართლობას არ მოითმენს და ეს ყველას კარგად უნდა ახსოვდეს!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner