„მმართველი გუნდი შექმნის ყველა პირობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი აგრძელებს მუშაობას სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე.
კობახიძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ საკითხით დაინტერესებულ ყველა მხარეს მოუწოდებს, ღიად და კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ დისკუსიაში.
„მმართველი გუნდი აგრძელებს მუშაობას სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე. სამუშაო პროცესში ჩართულია დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები - ევროსაბჭოს ოფისის, აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, რეფორმის მეოთხე ფაზა, რომელიც მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის, დისციპლინური წარმოებისა და სასამართლოების გადატვირთულობის საკითხებს, დაუყოვნებლივ განახლდება და უპირობოდ დასრულდება მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლომდე.
ამავე ფორმატში განიხილება მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხიც. მოვუწოდებთ ყველას, ვინც რეალურად არის დაინტერესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებით, მისი ეფექტიანობის გაზრდითა და სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებით, ღიად და კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ დისკუსიაში, რომელმაც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვრის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება უნდა უზრუნველყოს. მმართველი გუნდი იმოქმედებს სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და შექმნის ყველა პირობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.