ქართულ პოლიტიკაში ნათელ-მირონის კავშირები ახალი არ არის. ყოფილა ისეც, რომ ადამიანებს დაუვიწყიათ მირონის მადლი და ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდებიან, როგორც ეს სააკაშვილი-დავითაშვილის ან ჟვანია-მამალაძის შემთხვევაში იყო… ქართულ პოლიტიკას ისეთი მძიმე ფაქტიც ახსოვს, პოლიტიკური დაპირისპირების გამო, მირონიც კი „აიყარეს“, მაგრამ უფრო ხშირად, გავლენიან ადამიანთან მირონით დაკავშირება გადამწყვეტი ყოფილა პირადი წარმატების მისაღწევად.
ეკა ბესელია დღეს ყოველდღიურად იბრძვის სამართლიანი სასამართლოსთვის და შეიძლება ეს „პოლიტიკური თამაში“ ბევრმა გულწრფელმა ადამიანმაც დაიჯეროს კიდეც, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რა დროს და როგორ დაიწყო მისი წარმატება, ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდება.
ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ფაქტს გაგახსენებთ და გეტყვით, რომ, „ვერსიის“ წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელიას ნათელ-მირონი სააკაშვილ-ადეიშვილისდროინდელ ორ გავლენიან მოსამართლესთან აკავშირებს - ნონა წოწორიასთან და ზაზა მეიშვილთან. იურიდიულ წრეებში ნაკლებადჩახედული მკითხველისთვის განვმარტავთ, ვინ არიან ნონა წოწორია და ზაზა მეიშვილი და რით დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას.
ნონა წოწორია 2004 წელს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მოადგილედ დაინიშნა და მალევე, ამ სისტემაში, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუხი კარდინალი გახდა. მას ჩრდილოვანი საქმეების მოსაგვარებლად სჭირდებოდა ისეთი ადვოკატი, ვისაც ენდობოდა და ფსონი თავის მეგობარსა და ჯგუფელზე ეკა ბესელიაზე გააკეთა. შედეგმაც არ დააყოვნა და, როგორც ამბობენ, სწორედ მაშინ დაუდგა ეკა ბესელიას საადვოკატო ბიუროს ფინანსური კეთილდღეობის ხანა.
ნონა წოწორია 2007 წელს პროკურატურაში ნიკა გვარამიამ შეცვალა, სააკაშვილის ხელისუფლებამ კი ის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინა. საჯარო განცხადებებში ხელისუფლებაცა და მმართველი პარტიის წევრებიც აცხადებდნენ, რომ სწორედ ნონა წოწორია იყო, ვინც მუდმივად ცდილობდა, ევროსასამართლოში ხელი შეეშალა საქართველოდან გაგზავნილი საქმეებისთვის, რასაც მაშინდელი ოპოზიცია მუდმივად აპროტესტებდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ნონა წოწორიამ სტრასბურგიდან, ბოლოს, საზოგადოებას თავი ვანო მერაბიშვილის საქმის მოსამართლედ დაამახსოვრა. მას ვადა 2016 წელს გაუვიდა, მაგრამ იმის გამო, რომ კომისიაში, რომლის წევრიც ეკა ბესელია იყო, ახალი კანდიდატების წარდგენის პროცესი გაიწელა, წოწორიას ვადა ვანო მერაბიშვილის საქმის დასრულებამდე, ავტომატურად გაუხანგრძლივდა.
ზაზა მეიშვილი კიდევ უფრო სკანდალურად ცნობილ პერსონას წარმოადგენს. იგი 2006-2015 წლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა და სისხლის სამართლის საქმეებზე წინა ხელისუფლების დროს მთავარ ზონდერად გვევლინებოდა. ადეიშვილისთვის ის შეუცვლელი კადრი იყო.
2015 წელს, როცა კოტე კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მოვალეობის შესრულებაც მას დაეკისრა. სწორედ ამ დროს დასახელდა ნინო გვენეტაძის კანდიდატურა, რომელსაც პარლამენტში პრობლემები შეექმნა. მაშინ ამბობდნენ, რომ ამ პრობლემების უკან ეკა ბესელია იდგა.
ალბათ ყველას გვახსოვს „პირველ არხზე“ თეა წულუკიანის მწვავე ეთერი, რომელმაც ღიად განაცხადა, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს არ აირჩევდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ზაზა მეიშვილი შეასრულებდა, ეს კი დაუშვებელი იქნებოდა, რადგან „მეიშვილს მიუძღვის წვლილი სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის „იმქვეყნად გასტუმრებაში“, - ამბობდა მაშინ იუსტიციის მინისტრი.
ეკა ბესელია ხშირად ამბობს, რომ ადეიშვილის მთავარი მოურავი სასამართლოში ჩინჩალაძე იყო, მაგრამ „ავიწყდება“ შენიშნოს, რომ სისხლის სამართლის მიმართულებით, სასამართლოს მეიშვილი მართავდა. შესაბამისად, მთელი რეპრესიული ვერტიკალი - გადავსებული ციხეები, ქონებაწართმეული ადამიანები, უსამართლო სასამართლო - ანუ ყველაფერი ის, რაც სააკაშვილის მმართველობას აქცევდა სისხლიან რეჟიმად - ზაზა მეიშვილზე იდგა. ასე ჰქონდა დივერსიფიცირებული გავლენები ივანიშვილისაგან სისტემურ მენეჯერად შექებულ ზურაბ ადეიშვილს.
დღეს ამ საქმეზე ეკა ბესელია მთავარ დამნაშავედ მურუსიძეს მოიხსენიებს და ხმას არ იღებს მეიშვილზე, რომელიც ორ ინსტანციაში არაფორმალურად, ხოლო მესამეში პირდაპირ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს და საბოლოო განაჩენიც გირგვლიანის მკვლელებისთვის მას გამოჰქონდა - გირგვლიანის საქმე ხომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით განიხილა: ზაზა მეიშვილი, ი. ტყეშელაშვილი და ლევან მურუსიძე.
გავიხსენოთ კიდევ ერთი სკანდალური საქმე, რომელიც ბესელიას უკავშირდება - 2009 წლის 19 აგვისტოს ქობულეთში, ერთ-ერთ ბარში, ეკა ბესელიას ვაჟმა და ძმამ, ორ მეგობართან ერთად, „თაფლობის თვეში“ მყოფ ცოლ-ქმარს სცემა. აღსანიშნავია, რომ ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე ქობულეთის სასამართლომ „ნულოვანი ტოლერანტობის“ ფონზე, უკიდურესად ლოიალური გადაწყვეტილება მიიღო - ეკა ბესელიას ვაჟს რატი მილორავას აღმკვეთ ღონისძიებად გირაო, ხოლო ძმას – სერგო ბესელიას (რომელიც საზოგადოებამ მოგვიანებით ფინანსური პირამიდის QNET-ის სკანდალიდან გაიცნო, როგორც მისი დირექტორი), ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შემდეგ, რატი მილორავა მიიმალა და პროცესის დასრულებამდე ის მართლმსაჯულებისთვის მიუწვდომელი იყო, თუმცა ოფიციალურად საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია.
პროცესი სასამართლომ უკიდურესად დაჩქარებული წესით განიხილა (ერთი წლის თავზე საქმე სამივე ინსტანციაში დასრულებული იყო), ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღეში, 2010 წლის 28 აგვისტოს, სერგო ბესელია და რატი მილორავა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. რა მიზეზით დაიმსახურა ბესელიამ ადეიშვილის და სააკაშვილის ასეთი სიმპათია, როცა ოპოზიციის ნებისმიერი წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკე ახასიათებდათ? დაეხმარნენ თუ არა მას წოწორია და მეიშვილი, თუ იმ გუნდის მიმართ უფრო მეტი დამსახურება ჰქონდა? ამ კითხვებზე დღეს პასუხი ჯერჯერობით არ არის!
აქსიომაა, რომ პოლიტიკაში მუდმივი ფასეულობები არ არსებობს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ფასეულობები, მგონი, საერთოდ არ არსებობს სწორედ იმიტომ, რომ ხშირად ღირსებაზე ისინი საუბრობენ, ვისაც ფასეულობები არ გააჩნიათ და საკუთარი ინტერესებისთვის ნებისმიერ ადამიანთან შეუძლიათ გამონახონ საერთო ენა.
ეკა ბესელიასთვის „ფასეულობათა გადახედვა“ უცხო ხილი ნამდვილად არ არის - წინააღმდეგ შემთხვევაში, „უსამართლობასთან ბრძოლის“ კონტექსტში იგი აუცილებლად ახსენებდა მეიშვილისა და წოწორიას გვარებს და მათ გაემიჯნებოდა.
ისე, სასაცილოა, მაგრამ ფაქტია და ალბათ მაგალითისთვის, ერთი, თითქოს უმნიშვნელო ფაქტიც კმარა - ეკა ბესელიას ავტომობილის სახელმწიფო ნომერი 2012 წლის არჩევნებამდე AEA 555 იყო, 2013 წლიდან კი „სამი ხუთიანის“ ქონა მომგებიანი აღარ იყო და ახალი ნომერი აიღო - EKA 041. ეს ფაქტები მის მიერ შევსებულ დეკლარაციებშიც ფიქსირდება.
დღეს ეკა ბესელიას მთავარი მოკავშირეები ის არასამთავრობო ორგანიზაციები გახდნენ, ვინც ქართული საზოგადოების ნაწილის აღქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან გაიგივებული, გამოირჩევიან „ქართული ოცნებისა“ და სასამართლოს განსაკუთრებული კრიტიკით და ვისთანაც მანამდე თვითონაც მოჩვენებითად, მაგრამ რადიკალურად დაპირისპირებული იყო. დღეს ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან და სასამართლოს ნამდვილ ინკვიზიტორებთან ერთად ბჭობენ, როგორ „გადაარჩინონ ქართული მართლმსაჯულება“.
ფაქტია, როცა ბესელია გადადგა იურიდული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან, პროცესი უკვე ოფიციალურად შეჩერებული იყო და ლოგიკურად, ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან კავშირში არ იყო. როგორც ჩანს, ბესელიამ გუნდში გავლენა და ნდობა გაცილებით უფრო ადრე დაკარგა და ამის პირველი ნიშანი 2018 წელს, ბესელიას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოდან გაყვანა იყო. მეორე ნაბიჯი კი მისი ვიცე-სპიკერად გადაყვანა იქნებოდა (ეს ფაქტი თავადაც დაადასტურა და მისმა ოპონენტებმაც), მაგრამ მან, როგორც ამბიციურმა ადამიანმა, უარი თქვა ხავერდოვან გაყრაზე, მოჩვენებით დათანხმდა მიღებულ წინადადებას, სინამდვილეში კი დაელოდა ჯერ არჩევნების დასრულებას, მერე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების პროცესს და წინასწარ დაგეგმილი სცენარის განხორციელება დაიწყო.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ბესელია ხელოვნურად ცდილობდა აეწია პოლიტიკური ვითარება, რის ფონზეც მარტივად შეძლებდა უზენაესი სასამართლოს თავისი სიმპათიის მიხედვით დაკომპლექტებას, რაშიც მისი და ადეიშვილის ძველი მეგობრები და მოკავშირეები - ზაზა მეიშვილი და ნონა წოწორია დაეხმარებოდნენ. თუმცა ეს გეგმა არ გაუვიდა და იძულებული გახდა, ტაქტიკა შეეცვალა - ჩვეული არტისტიზმით მოეხდინა „უსამართლობასთან მებრძოლი“ გმირის როლის მორგება და ამით გარკვეული პოლიტიკური დივიდენდებიც მიეღო. აკი, რამდენიმე დღის წინ მის თანამოაზრეს, ლევან გოგიჩაიშვილს პირდაპირ ეთერში წამოსცდა, რომ „ეს ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და ემზადებოდნენ ამისთვის“.
სინამდვილეში, რა მიზნები ამოძრავებს ეკა ბესელიას სასამართლო სისტემაში და ვის გაყვანას ცდილობს უზენაესის მოსამართლედ? ეს ყველაფერი საბოლოოდ მაშინ გახდება ცნობილი, როცა საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა დაიწყება.
P.S. „ვერსია“ ამ ფაქტების გადასამოწმებლად დაუკავშირდა ქალბატონ ეკა ბესელიას, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა - რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებული სტატიის გამო, სასამართლოში ჩივილით დაგვემუქრა და განაცხადა, რომ „წყვეტს „ვერსიასთან“ თანამშრომლობას.
დაჩი შალიკაშვილი