ხშირად, ანალიტიკოსები „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეთა კავშირს“ შორის პარალელს ავლებენ. ერთი შეხედვით, შესაძლოა, „მოქკავშირის“ მაშინდელ რეფორმატორთა (რომელსაც სათავეში ედგა სააკაშვილ-ჟვანია-ბურჯანაძის ტრიუმვირატი) მოქმედებებს მართლაც წააგავდეს „ოცნების“ წიაღში არსებული ე.წ. ახალგაზრდების გუნდის (ირაკლი კობახიძის მეთაურობით) ნაბიჯები. ახლაც, კობახიძე, როგორც მაშინ სააკაშვილი, სასამართლო სისტემით იწყებს თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლას.
გაიზიარებს თუ არა „ოცნება“ „მოქკავშირის“ ბედს და შევარდნაძისგან განსხვავებით, რა შანსები აქვს ივანიშვილს? ამ თემებზე For.Ge-ს არასამთავრობო ანალიტიკური ცენტრის „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი ირაკლი გოგავა ესაუბრა.
- მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა „ქართული ოცნების“ შიგნით დაპირისპირების მიზეზი გახდა. უთანხმოება იმდენად მკაფიოა, რომ მმართველი გუნდის შიგნით ახალი ჯგუფი ყალიბდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად გავლენიანი და ანგარიშგასაწევი შეიძლება აღმოჩნდეს ეს ჯგუფი, რომელსაც სათავეში ირაკლი კობახიძე უდგას?
- სასამართლოების თემა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. აქტიურ ინტერესს მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილი გამოხატავს, რადგან უმრავლესობას სასამართლოსთან შეხება არ აქვს. ძირითადი პაექრობა „ოცნების“ შიგნით იმართება. ეს მოსამართლეებზე გავლენის მოპოვებასთან არის დაკავშირებული. მოპაექრეების რეალური მიზანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა შეიძლება იყოს საპარლამენტო კადენციის დასრულების შემდეგ და საერთო ჯამში, ვინც შეძლებს მომხრე მოსამართლეების გაყვანას და მათზე გავლენის მოპოვებას, ის იქნება უფრო საჭირო და სარგებლის მომტანი საკუთარი ლიდერისთვის.
ფაქტია, რომ 2012 წლის შემდეგ სასმართლო სისტემა უკეთესობისკენ შეიცვლა და აღარ არის ისე, როდესაც საქმეების 99%-ზე გამამტყუნებელი განაჩენი მიიღებოდა. 2004-12 წლებში სასმართლო სისტემა იყო ავტორიტარული რეჟიმის მსახური და მისი ფუნქცია იყო, ციხეები ამოევსო ხალხით და თანაც მაქსიმალური სასჯელით. შემდგომ ხელისუფლება საპროცესო გარიგებებით ფულს აგროვებდა და პრობაციონერების 300 000-იან არმიას ქმნიდა, რომელსაც არჩევნებზე იყენებდა. დღეს ასე აღარ არის, მაგრამ ჩვენი სასამართლო იდეალურისგან მაინც შორსაა.
დღევანდელმა პაექრობამაც დააკნინა სასამართლოს იმიჯი. სასამართლოსთვის მთავარი კი იმიჯი და ნდობაა. ვფიქრობ, ეფექტური გამოსავალი იქნება რამდენიმე ათეული უცხოელი მოსამართლის მოწვევა იმ ქვეყნებიდან, სადაც ყველაზე მაღალია სასამართლოების ნდობა. ეს ნაბიჯი განსაკუთრებით ეკონომიკურ და ბიზნეს დავებზე გაამართლებს. შედეგად, საქართველოს სასამართლო სისტემა რეგიონის ქვეყნებისთვის და კომპანიებისთვისაც მიმზიდველი გახდება, რაც სასამართლოსთვის და ქვეყნისთვის სერიოზულ შემოსავალს ნიშნავს. მსგავსი სასამართლოები, სადაც ბრიტანელი მოსამართლეები მუშაობენ, უკვე წარმატებით ფუნქციონირებს სინგაპურში, ჰონგ-კონგში, დუბაიში, აბუ-დაბიში, ყატარსა და ყაზახეთში, ხოლო უკრაინაში უცხოელი მოსამართლეების მოწვევის ვარიანტი აქტიურად განიხილება. ითვლება, რომ ინგლისური სამართლის ქვეყანაში დაფუძნება მაგნიტივით იზიდავს ინვესტორებს, რადგან ის ინვესტორის კანონიერ უფლებებს სრულად იცავს. ეს კი ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას და სამუშაო ადგილებს ნიშნავს.
- თუ შეგიძლიათ პარალელები გაავლოთ შევარდნაძისეულ და დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას შორის, როდესაც სააკაშვილის ახალგაზრდული ფრთა გამოეყო შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ ძირითად ბირთვს. მაშინაც სააკაშვილმა სასამართლო ხელისუფლებით დაიწყო და გვახსოვს მისი იუსტიციის მინისტრობის დროინდელი ფოტოების ფრიალი. დღეს „ქართული ოცნების“, ასე ვთქვათ, ახალგაზრდული ფრთა ფოტოებს არ აფრიალებს, თუმცა, სასამართლო ხელისუფლება გახდა სადავო თემა მმართველ გუნდში...
- მსგავსება არის ერთ რამეში: თავის დროზე „მოქალაქეთა კავშირი“ შეიქმნა „მხედრიონის“, სხვა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების თარეშის ასალაგმავად, ქვეყანაში კანონიერების და წესრიგის დასამყარებლად. მაშინ ამ ამოცანის შესრულება მოხერხდა და 1995 წლიდან ჩამოყალიბდა სახელმწიფო, ყველა ატრიბუტით. „ოცნებაც“ ჩამოყალიბდა ავტოკრატიული, დამნაშავე რეჟიმის შესაცვლელად და მანაც ეს ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულა. მეორე ეტაპზე ორივე ძალა უფრო ერთი კაცის გარშემო ხელისუფლებისთვის გაერთიანებას დაემსგავსა. „ოცნებას“ აქვს შანსი, არ გაიზიაროს „მოქკავშირის“ ბედი. ამისთვის პარტიას უნდა დაუბრუნონ საყოველთაობა, სახალხოობა, რომელიც ჰქონდათ 2012-2015 წლებში.
დღეს ისინი ჩაიკეტნენ და ერთმანეთს დაუწყეს კინკლაობა, ხალხთან დიალოგი შეზღუდულია. ჰგონიათ, რომ მხოლოდ ტელევიზიით გაკეთებული კომენტარი არის ხალხთან დიალოგი. უნდა იარონ კარდაკარ, შეხვედრები უნდა მართონ სოფლებში, უბნებში, საწარმოებში, ხალხს უნდა მოუსმინონ, პრობლემები გადაუწყვიტონ, მხარდამჭერების რიგები გააფართოვონ. დღეს რა იდეა აქვს „ოცნებას“? ბევრი ვერ გიპასუხებთ. საჭიროა ეროვნული იდეის, ეროვნული პროექტის პრეზენტაცია. 90-იან წლებში ეს იყო დიდი საერთაშორისო პროექტები: ნავთობსადენი, გაზსადენი, „აბრეშუმის გზა“, სიღარიბის დაძლევა...
ზოგი იტყვის, რომ NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანება არის „ოცნების“ ეროვნული იდეა. კი ბატონო, აქ ვერ ხერხდება დაგეგმვა, დროის ჩარჩოების განსაზღვრა, უბრალოდ ჩვენზე ცოტაა დამოკიდებული. ამიტომ საჭიროა უფრო კონკრეტული, მოსახლეობისთვის გასაგები და მისაღები იდეა.
სააკაშვილს იუსტიციის მინისტრად დანიშვნისას სამი მიზანი ჰქონდა: 1. საბიუჯეტო თანხები გამოეყენებინა თავისთვის, რაც კონტროლის პალატის მაშინდელმა თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა გამოიძია და დასკვნა დადო; 2. მომხრეების რეგისტრაცია მისამართებზე და პირადობის მოწმობების საარჩევნოდ დამზადება, რაც წარმატებით განახორციელა; 3. არჩევნებამდე დემარში და პოლიტიკური ქულებით ოპოზიციაში გადასვლა. აქ „ოცნებასთან“ პარალელს ვერ გავავლებ, რადგან შევარდნაძე უკვე ასაკში იყო და არ აპირებდა ბოლომდე ბრძოლას. ივანიშვილი კი ფორმაშია და რესურსიც საკმაოდ გააჩნია და არა მხოლოდ მატერიალური.
„ოცნებიდან“ ახალი მეინსტრიმული ძალის ჩამოყალიბება ივანიშვილის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ვინმემ სცადოს ბედი.
- საინტერესო პარალელია ისიც, რომ სააკაშვილი იყო პროცესების ინიციატორი, მაგრამ მას გვერდით ჰყავდა ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, რომლებიც მას მეტ–ნაკლებად აბალანსებდნენ. სწორედ მათი დაკარგვის შემდეგ გავიდა კონტროლიდან. ამ სიტუაციაში, რამდენად არის შესაძლებლობა, რომ ჟვანია–ბურჯანაძის მსგავსი გაჩნდეს ამ ახალგაზრდების ჯგუფში?
- ჟვანია სხვა კლასის პოლიტიკოსი იყო. მას ვერ შევადარებ დღევანდელი პარლამენტიდან ვერც ერთს. ივანიშვილის გარეშე საკმარისი პოლიტიკური წონა „დიდი თამაშისთვის“ პარლამენტში თითო-ოროლას თუ აქვს. ჯერჯერობით ასეა და 7-8 წელიწადში შეიძლება ისწავლონ, გამოცდილება მიიღონ და გაიზარდონ მაღალი კლასის პოლიტიკოსებად. ცუდია, რომ დღევანდელ პარლამენტში პოლიტიკა არ იქმნება, მხოლოდ იმიტაციაა და ეს აკნინებს პოლიტიკურ პროცესებს. ეროვნული ხასიათის თუ ტრადიციების გამო, ვერ ხერხდება კლასიკური პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება იდეოლოგიის გარშემო და პარტიები ერთი ლიდერის გარშემო ყალიბდება. პარტიები, როგორც ასეთი, ხალხს არ მოსწონს და იქნებ ღირდეს ფიქრი ამერიკულ მოდელზე გადასვლაზე, სადაც აბსოლუტურად ყველა თანამდებობაზე, დაწყებული ქალაქის შერიფიდან დამთავრებული პრეზიდენტით, ინდივიდუალურად ირჩევენ. პარტია ყოველთვის უფრო გულდასმით არჩევს კანდიდატს, როცა ინდივიდუალური არჩევნებია, ვიდრე პარტიული სიის პირველი ათეულის მიღმა ჩასასმელ კანდიდატებს.
- ერთია სურვილი, მაგრამ მეორეა რესურსი, ეს ახალგაზრდა გუნდი რამდენად მოახერხებს დამოუკიდებლად პარტიის მართვას? თუ ისევ სააკაშვილთან გავავლებთ პარალელს, მაშინდელ ჯგუფს მხარდაჭერა ჰქონდა აშშ–ისგან, მათ შორის ფინანსური და არა მარტო „რეფორმატორთა გუნდი“, არამედ მთელი არასამთავრობო სექტორი ფინანსდებოდა. ახლა სხვა ვითარებაა, ივანიშვილის გარდა, ვინ შეიძლება მათი დაფინანსების წყარო გახდეს?
- რატომ უნდა გავიდნენ ცალკე?! ან პარტია დამოუკიდებლად რატომ უნდა მართონ?! შეიმუშაონ ახალი ხედვა, ახალი იდეა, ეროვნული პროექტი და მოაწონონ ხალხს. იარონ ხალხთან და დაუსაბუთონ საკუთარი იდეის მართებულობა. პარლამენტარობა კაბინეტში ყოფნა და საზღვარგარეთ მივლინებებში სიარული ხომ არ არის მარტო. მოკლედ, შეჯანჯღარება უნდა ლიდერის მხრიდან. რეალური საქმე როცა ექნებათ, ნაკლებს იკინკლავებენ ერთმანეთში. სააკაშვილი კი 2003 წელს რუსული ფულით და რუსული მხარდაჭერით მოვიდა სახელმწიფო გადატრიალების გზით. ამერიკიდან მას სოროსი უჭერდა მხარს, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს მისი შეცდომა იყო. რუსები შევარდნაძეს ვერ უგებდნენ გეოპოლიტიკურ თამაშში, ორჯერ ააფეთქეს კიდეც და ბოლოს სააკაშვილის ხელით მოიცილეს.
- პროცესი, რომელსაც ვაკვირდებით, გამორიცხავს მესამე ძალის ფორმირებას. ამდენად, ვარაუდობენ, რომ „ოცნების“ გაყოფამ შესაძლოა შვას ახალი ძალა, რომელმაც თავის მხრივ შეიძლება მოიზიდოს სხვა პოლიტიკური ძალები, რომლის დაფინანსების წყარო ისევ ივანიშვილი გახდეს...
- ახალი პოლიტიკური ძალისთვის დღეს დიდი ადგილია. კვლევის მიხედვით, დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი ახალ ძალას ელოდება. ივანიშვილი ისევ „ოცნებაზე“ გააკეთებს ფსონს მომავალ არჩევნებში და არ ვფიქრობ, რომ ის ახალ პოლიტიკურ პროექტს დააფინანსებს. მსგავსი ნაბიჯი პრობლემებს თავის გუნდში შეუქმნის. ერთი კი ნათელია, მომავალი პარლამენტარების შერჩევას მეტი ყურადღება უნდა. პარლამენტსაც მეტი უფლებები სჭირდება. მიმაჩნია, რომ ხალხი კარგად შეხვდება ისეთი პოლიტიკური ძალის გამოჩენას, რომელსაც აქცენტი ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე ექნება, რაც სამუშაო ადგილებს გააჩენს და ადგილობრივ მწარმოებელს დაიცავს გონივრული მეთოდებით. ქართულ საშუალო ბიზნესს თუ ჭკუა აქვს, ისეთ ძალას უნდა დაეხმაროს, რომელიც მათ სამართლიან უფლებებს დაიცავს. ისინი ხომ იჩაგრებიან არასამართლიანი იმპორტით, დემპინგით, უცხოური სუბსიდირებული პროდუქციით, ძვირი საკრედიტო რესურსით. მსგავს პროექტს მხარს მეც სიამოვნებით დავუჭერდი. ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით შეიძლება მოხდეს, სხვა რეცეპტი არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიცლება ქვეყანა. მხოლოდ 2004-2013 წლებში 700 000 ადამიანი წავიდა ქვეყნიდან.
- მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატებს პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, განცხადების გაკეთებისთვის დროს ითხოვენ. როგორ ფიქრობთ, პარტიის ერთობის ხელოვნური შენარჩუნება დროებითი მოვლენა ხომ არ არის, ვინაიდან უნდა დაწყებულიყო გამიჯვნის პროცესი, რომელიც არ გამორიცხავს „ქართული ოცნების“ წიაღში ანგარიშგასაწევი ოპოზიცის ფორმირებას?
- მათთვის უმჯობესია, თუ ერთად დარჩებიან და ახალ ბიძგს მისცემენ პარტიის განვითარებას, ახალ ხედვას წარმოადგენენ და კვირიკაშვილის 4-პუნქტიან გეგმას შეცვლიან ისეთი იდეით, რომელსაც ხალხი მიიღებს. მაგალითისთვის, ერთი ასეთი იდეა ღარიბაშვილს ჰქონდა: „იმპორტის ჩანაცვლების სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც კვირიკაშვილმა „ოცნებისთვის“ დამანგრეველი „4-პუნქტიანი გეგმით“ ჩაანაცვლა. „ოცნებას“ წამზომი ხალხმა უკვე ჩაურთო და ერთმანეთთან პაექრობა არ არის დროული, თუ წარმატება სურთ. პირიქით, ახალი ჯგუფები, საზოგადოებრივი აზრის ლიდერები უნდა შეიერთონ და დაიბრუნონ საყოველთაობა და სახალხოობა, რომელიც 2012 წელს ჰქონდათ.