ავტორი ანა ნონიკაშვილი
გაზეთ „რეზონანსის" რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით ისაუბრა. ტუღუშის აზრით, რუსეთის ფედერაცია აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებელია და საზოგადოებამ ხელისუფლებასთან ერთად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩეს. ასევე ტუღუშმა მსგავს ინციდენტზე მაგალითად მოიყვანა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შესული საჩივარი, როდესაც დაზარალებულმა ოჯახმა უჩივლა რუსეთის სახელმწიფოს და მოუგო სასამართლო პროცესი.
„ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, სახელმწიფომაც და მთელმა საზოგადოებამაც კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. მსგავსი საქმე გამახსენდა, მოლდოვაში დაზარალებულმა ოჯახმა რუსეთის სახელმწიფოს უჩივლა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და მოუგო სასამართლო პროცესი. დაახლოებით ოთხი წელი მიმდინარეობდა პროცესი, მაგრამ ასეთი პრეცედენტი არსებობს. უნდა ვიყოთ ერთიანნი და მტკიცე ამ ვითარებაში, არავის უნდა შერჩეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობა. გარკვეული განცხადებების დონეზე არ უნდა შემოვიფარგლოთ. პირველ რიგში, დამნაშავე არის რუსეთის ფედერაცია, რომელსაც პასუხი მკაცრად უნდა მოვთხოვოთ. რუსეთის ხელისუფლება აგებს იმ ტერიტორიაზე პასუხს, რომელსაც საქართველო ვერ აკონტროლებს", - განაცხადა ტუღუშმა.