logo_geo
eng_logo
დედაქალაქში წელს 180 000 ნერგი დაირგვება
- +

25 თებერვალი. 2016. 14:39


თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე დედაქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა 2016 წლის გაზაფხულზე დედაქალაქში დაგეგმილი გამწვანების ღონისძიებების გეგმის პროექტი წარადგინა. მისი ინფორმაციით, დედაქალაქში წელს 180 000 ნერგი დაირგვება, რისთვისაც 900 000 ლარია გათვალისწინებული.


ნარგავები დაირგვება მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 ჰექტარ ფართობზე, ასევე ოქროყანაში გამხმარი და დაავადებული ხეებისაგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 16 ჰექტარ ფართობზე, დიდ დიღმში, პატარა ლილოს ტერიტორიაზე და დედაქალაქის პარკებში, ქუჩებში, ბაღებსა და სკვერებში. სულ ქალაქში 311 ჰექტარ ტერიტორიებზე მოხდება დამატებით ხეების დარგვა.


ნინო სულხანიშვილის განცხადებით, საზაფხული რგვების გეგმის პროექტი გამწვანების სამსახურმა ბოტანიკის ინსტიტუტის თანამშრომლებისა და სპეციალისტების რეკომედაციების გათვალისწინებით მოამზადა.


„შერჩეულია ის წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხეები, რომელიც თბილისში და მის შემოგარენში უნდა დაირგოს. კერძოდ, ეს არის კვიპაროსი, ჰიმალაის კედარი, ფიჭვი, კავკასიური აკაკი, ცაცხვი, იფანი, არღავანი, ჰიბრიდული თუთა, ვერხვი და საპნის ხე". ნინო სულხანიშვილის განცხადებით, ეს სახეობები თბილისის კლიმატის შესაბამისად შეირჩა. წელს იგეგმება გარკვეულ ტერიტორიაზე წვეთოვანი მორწყვის სისტემის დანერგვა, რათა ახლად დარგული ნერგების გახარება მოხდეს.


გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 1,2-დან 3 მეტრამდე სიმაღლის ნერგები დაირგვება, ტყის აღდგენითი ღონისძიებების ფარგლებში კი 0,5-დან 1 მეტრამდე სიმაღლის ხე-მცენარეები.


ამას გარდა, წელს თბილისში დაგეგმილია ასევე 20-ზე მეტი სახეობის 12 000 ცალი დეკორატიული ბუჩქის დარგვა, 20 000 კვადრატულ მეტრზე ბალახის საფარის მოწყობა და ერთი მილიონი ყვავილის დარგვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner