„ქართული ოცნების" ხელისუფლება საქართველოს დამოუკიდებლობას წელსაც 26 მაისს ზეიმობს! არადა, გაერო-მ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ზვიად გამსახურდიას ძალისხმევით, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმისა და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველზე სცნო! ეს იქით იყოს, 26 მაისი, ამჯერად უკვე მიხეილ სააკაშვილის მეცადინეობით, 5 წელია, „ქართველი ხალხის ცემის დღედ" გადაიქცა!
დიახ, „ქართული ოცნება" ზვიად გამსახურდიას სიძულვილითა თუ იგნორირებით, შევარდნაძისა და სააკაშვილის ანტიქართული რეჟიმების კვალდაკვალ, აგრძელებს სამარცხვინო ტრადიციას და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 9 აპრილს კი არა, 26 მაისს დღესასწაულობს! და თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ზუსტად 5 წლის წინათ, 2011 წლის 26 მაისს სააკაშვილის რეჟიმის მიერ რუსთაველის გამზირზე მოწყობილი სასაკლაო დღემდე გამოუძიებელია, უფრო მძიმე სურათთან გვაქვს საქმე!
დიახ, „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ თითიც არ გაანძრია საიმისოდ, რომ სააკაშვილის რეჟიმი 2011 წლის 26 მაისის სასაკლაოს მოწყობისთვის გასამართლებულიყო!
ნაცრეჟიმის გასამართლებას ვინ ჩივის, ამჟამინდელ ხელისუფლებას ზუსტად 5 წლის წინათ რუსთაველის გამზირზე ქართველთათვის მოწყობილი „სისხლიანი აბანოს" გამო ერთი ნაცზონდერიც კი არ დაუსჯია!
ღმერთმა დამიფაროს, რაიმე სახის პარტიკულარული მიდრეკილებებით ვხელმძღვანელობდე, რადგან 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე არა კონკრეტულად ნინო ბურჯანაძის მომხრეებს, არამედ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სრულიად საქართველოს სცემეს და გვემეს!
დიახ, ზუსტად 5 წლის წინათ სააკაშვილის ნაცისტურმა რეჟიმმა არამხოლოდ ბურჯანაძის მომხრეებს ადინა სისხლი, არამედ თითოეულ ქართველ პატრიოტს ესროლა რეზინის ტყვია, გადაჰკრა ხელკეტი და ჩააფურთხა სულში, რადგან ამ ვანდალიზმით ნაცებმა თითოეული თავისი მოწინააღმდეგის დატერორება და დამონება სცადეს!
აი, ამიტომაც ვუწოდებ 26 მაისს ქართველი ხალხის ცემის დღეს.
აი, რატომ იყო ყველა ქართველი პატრიოტისთვის ასე ამაზრზენი და აუტანელი, როდესაც 26 მაისის დილას, სისხლის ტბებისგან საგანგებოდ გადარეცხილ რუსთაველის გამზირზე, მიხეილ სააკაშვილმა (ამერიკის იმჟამინდელ ელჩთან ჯონ ტეფტთან ერთად!) სამხედრო აღლუმი ჩაიბარა და პირდაპირი მნიშვნელობით, ქართველების სისხლზე იტაშფანდურა!
ამაზრზენები და სამარცხვინოები იყვნენ ის ე.წ. ინტელიგენციისა თუ საზოგადოებრიობის წარმომადგენლებიც, რომლებმაც ქართველების სისხლით მორწყულ რუსთაველზე სააკაშვილის იდაყვებამდე სისხლიანი ხელებით მიწოდებული ჩინ-მედლები უდრტვინველად მიიღეს!
და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ამ ნაცაღლუმისა და „კარის პოეტების" ერთობლივი ტაშფანდურის მიმდინარეობისას იქვე, ასიოდე მეტრში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის" წინ მდებარე ჯიხურის სახურავზე, სააკაშვილის ჯალათების მიერ ცემით მოკლული ქართველების ჯერ კიდევ თბილი ორი გვამი იყო შემოდებული!
და 5 წლის შემდეგ, ჩვენ ჯერაც არ ვიცით, ვინ მოკლა ეს ადამიანები, რომელთა დანაშაული მხოლოდ ის გახლდათ, რომ სააკაშვილის ტირანიას არ შეეგუენ!
მოკლედ, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესასწაული სხვა არაფერია, თუ არა „ლხინი ჟამიანობისას"!
დიახ, როდესაც 26 მაისს ამჟამინდელი ხელისუფლების „მამები" და „დედები" სადღესასწაულოდ ატოტდებიან, ისინი საქართველოს დამოუკიდებლობას კი არა, სააკაშვილსა და მის „სიკვდილის ბრიგადებს" მიაგებენ პატივს - იმათ, ვინც ზუსტად 5 წლის წინათ ნაგვემ-ნაცემი ქართველების სისხლისგან ახლად გაწმენდილ რუსთაველის გამზირზე ჭინკების სატანისტური შაბაში მოაწყვეს!
და თუ ვინმეს 26 მაისს მაინცდამაინც რაიმე ამაღლებულისა და ზოგადქართულის აღნიშნვა სურს, დიდი მერაბ კოსტავას დაბადების დღე აღნიშნოს!
სწორუპოვარ ქართველ პატრიოტსა და სამშობლოსთვის თავდადებულ მერაბ კოსტავას 265 მაისს ხომ 76 წელი შეუსრულდებოდა.
გიორგი გიგაური