logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ჩემი მეგობარია, ამას ხმამაღლა ვამბობ!
- +

24 მაისი. 2016. 15:51


პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა პარტია „ქართული ოცნება" ოფიციალურად დატოვა. როგორც ის აცხადებს, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას გეგმავს იმ უმსგავსობის საპირწონედ, რასაც გარედან თავს მოხვეული არასამთავრობოები თუ პოლიტიკური ძალები სჩადიან ადამიანის უფლებების დაცვის სახელით.


- ბატონო თამაზ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ თქვენი „ქართული ოცნებიდან„ წასვლით პოლიტიკურ ორთაბრძოლაში რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს?

 

- გამარჯვებული მაშინ იქნებოდნენ, მათ პოზიციას მოსახლეობის დიდი ნაწილი რომ იზიარებდეს. რესპუბლიკელებმა კი არა, საზოგადოებამ გაიმარჯვა, რომელიც აქამდე ხმამაღლა ვერ ამბობდა იმას, რაც მე ვთქვი.


- თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ თამაზ მეჭიაურისნაირი მოწინააღმდეგე მას მხოლოდ აძლიერებს...

 

- ნებისმიერი განცხადება მომაკვდავ, რეანიმაციაში მყოფ რესპუბლიკელებზე მათთვის ძალიან დიდი რეკლამა იქნება. არ ვაპირებ, ერთი-ორი ამომრჩეველი შევძინო თუნდაც თანაგრძნობის გამო. სამწუხაროა, რომ ეს ქალბატონი დღემდე თავდაცვის მინისტრია. როგორც ჩანს, დასავლეთის ამ მოთხოვნას „ქართული ოცნება" ვერაფერს უპირისპირებს! დიახ, „ოცნება" ნაციონალების გავლენისა და შანტაჟის ქვეშ მოექცა! ფაქტობრივად, უმრავლესობა რესპუბლიკელების პოლიტიკური მძევალი იყო. 10-კაციანი ფრაქცია მართავდა 50-კაციან „ქართულ ოცნებას" და პარლამენტს. საკმარისი იყო, ვინმეს ეჭვი გამოეთქვა ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით, მაშინვე წამოიშლებოდნენ.


- პრემიერმა მკაფიოდ განმარტა, რომ ეს არის ჩვენი საგარეო კურსი, რომლის ირგვლივაც კითხვის ნიშნები არ არსებობს!

 

- თვითონ ამერიკისა და სხვა წამყვანი ქვეყნების ლიდერები გვეუბნებიან - ნატო-ს გაფართოება არ იგეგმებაო. ჩვენ სად შევდივართ? ვინ გადაწყვიტა, რომ ხალხს ნატო-ში შესვლა სურს?!


საბჭოთა კავშირის დროს თუ ვმსახურობდით რუსეთში და ვიღუპებოდით, ჩვენი ტერიტორიები მაინც იყო დაცული. ახლა რა გამოდის? ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში, აფრიკასა თუ ერაყში ნატო-ს წევრი ქვეყნების ჯარისკაცების ნაცვლად იბრძვიან და იღუპებიან, საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება სამხედროების ოპერაციებისა და დაღუპული ახალგაზრდების ოჯახების ხარჯები. რას ვიღებთ ყოველივე ამის სანაცვლოდ? დაკარგულ ტერიტორიებს?


- ოპონენტები ბრალს გდებენ, რომ თქვენი განცხადებები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს!

 

- ამერიკის ჯარებს რომ შემოუშვებ და რუსეთს საბაბს მისცემ, დამატებითი ძალები შემოიყვანოს, ამის ხმამაღლა თქმა არის რუსეთუმეობა?! ანდა კომუნისტურ წარსულს რომ ახსენებენ ადამიანებს, თავიანთ წარსულს მიხედონ ზოგიერთებმა, 9 აპრილის შემდეგ რომ გაკომუნისტდნენ. რუსეთთან ომზე ვინც ლაპარაკობს, საკუთარი მაგალითით გვაჩვენოს გმირობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხელისუფლებაში გმირები ვეღარ ვნახე. კურდღლები და ჩასვრილი მთავარსარდლები კი - იცოცხლეთ. ალბათ, სიმბოლურიც იყო, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დასავლეთიდან პამპერსები რომ გამოგვიგზავნეს.


სიტუაცია იქითკენ მიდის, რომ აქედანვე დააანონსონ არჩევნების გაყალბება. ამ ფონის შექმნაში არასამთავრობოებსა თუ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას დასავლეთიც ეხმარება. არ გამოვრიცხავ, ამას ხელს უწყობდნენ პრეზიდენტი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო გიორგი მარგველაშვილი თავისი ვეტოებით, ფაქტობრივად, ნაციონალურ მოძრაობას აძლიერებს!


- როგორც უკვე ცნობილია, ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავთ...

 

- არ მინდა, იმედგაცრუებულმა ხალხმა ზურგი შეაქციოს არჩევნებს და „ქართული ოცნების" ჯიბრზე შორიდან უყუროს, როგორ ინაწილებენ ამ ქვეყანას უცხოეთიდან მართული ე.წ. პოლიტიკური ძალები დღეს ვითომ „ქართული ოცნების" რებრენდინგი ხდება, ამ დროს კი გაურკვეველი დამსახურებების მქონე პიროვნებები ჩნდებიან პარტიის სათავეში. როცა ახალი სახე დავით კოღუაშვილი გონორით საუბრობს იმ ხალხზე, ვინც ყოველთვის წინა ხაზზე იყო, პარტიის წინაშე პატარა დამსახურება ხომ მაინც უნდა ჰქონდეს?! კოღუაშვილმა, ლამის არის, სააკაშვილის, მერაბიშვილისა და უგულავას ფანკლუბი გაგვიხსნას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნამდვილად არ გამიხარდება, თუ „ქართული ოცნება" ასეთი პიროვნებების გამო დაზარალდება.


- ბატონო თამაზ, როგორც თქვენი განცხადებებიდან ჩანს, არც პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში გამოჩენას შეხვდით აღფრთოვანებით. რატომ?

 

- სააკაშვილის დროს, როცა ხალხი ტელეფონზეც კი ვერ საუბრობდა, როგორც მოქალაქეს, პაატა ბურჭულაძეს ხმა არ ამოუღია. მარტივია ყველაფერი - ვიღაცას სურს, მისი ბოლოდროინდელი ე.წ. ქველმოქმედის იმიჯი გამოიყენოს ბიძინა ივანიშვილთან დასაპირისპირებლად.


ხომ ხედავთ, რაც ხდება? პირდაპირი შეტევაა ქართულ ერზე, ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ღირებულებებზე. „პედერასტებზე" უარესებიც არიან, ვინც საპატრიარქოს კედლები საღებავებით დათხუპნა, უბრალოდ, ამაზე მძაფრ სიტყვას ვერ ვპოულობ.


- მათ თქვენ მიერ არჩეული სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გამოექომაგა...

 

- უჩა ნანუაშვილი უმრავლესობამ აირჩია, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ" მაშინ რესპუბლიკელების ზეწოლით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ამაში გარკვეულწილად ჩემს თავსაც ვადანაშაულებ, თუმცა, რას წარმოვიდგენდი, რომ ეს ბატონი მხოლოდ ჰომოსექსუალებისა და არაქართული ძალების დამცველი იქნებოდა?!


- ცნობილია, რომ თქვენს მეგობარ ბიძინა ივანიშვილს დახურულ კარს მიღმაც ესაუბრეთ. მაინც, რა დიალოგი შედგა და რატომ ვერ შეთანხმდით?

 

- არის საკითხები, სადაც ბრმადაც დამიჭერია მხარი ბიძინა ივანიშვილისთვის, მაგრამ ისიც ადამიანია და უდიდესი დამსახურებების მიუხედავად, ხომ შეიძლება, მასაც ჰქონდეს შეცდომები?! ბუქსირზე რომ აიკიდა გარედან თავს მოხვეული პარტიები, შეცდომა იყო. პრეზიდენტი მარგველაშვილიც ბიძინა ივანიშვილის შეცდომაა. ზოგიერთები, ოღონდ საპარლამენტო სიაში მოხვდნენ, არაფერს აპროტესტებენ, პირიქით - დარწმუნებულიც რომ იყვნენ მის არასწორ საქციელში, მაინც დაუქნევენ თავს და ამით ქვეყანას დათვურ სამსახურს უწევენ. მიმაჩნია, რომ არასწორი გზით მივდივართ და მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ჩემი მეგობარია, ამას ხმამაღლა ვამბობ!

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner