ცნობილი გახდა, რომ „თიბისი ბანკი“ მითითებას ასრულებს და სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას ახორციელებს, რომლის შედეგადაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ იქნებიან წარმოდგენილი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში.
როგორც ეროვნულ ბანკთან ერთობლივად გავრცელებული განცხადებაშია ნათქვამი, „თიბისი ბანკის“ აქციონერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეწყდეს სასამართლო დავები ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და ბანკმა გადაიხადოს მის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებული 1 მილიონ ლარი.
„გამომდინარე იქიდან, რომ „თიბისი ბანკი“ ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრდა სასამართლოში, „თიბისი ბანკი“ აცხადებს, რომ განახორციელებს სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/ს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში. „თიბისი ბანკი“ წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს“, - აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.
რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის მიესალმება „თიბისი ბანკის“ ამ გადაწყვეტილებას, რაც დადებითად აისახება მათ შორის ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარებაზე.
„საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. აღნიშნული დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც ბანკის, ისე ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარებაზე“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
როგორც ორივე მხარე აცხადებს, ამით ეს კონკრეტული საკითხი ამოწურულია და ისინი მოუწოდებენ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნულ თემებზე სპეკულაციებისგან.