თბილისის „დინამომ" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2015/2016 წლების გათამაშების ჩემპიონობა მოიპოვა, ტასი თავს ზემოთ აღმართა და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა. ივლისში ქართული ფეხბურთის ფლაგმანს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის და ტრადიციულად, გუნდის ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობს.
საფეხბურთო კულუარებში უკვე გაჟღერდა რამდენიმე გვარი იმ ფეხბურთელებისა, რომლებიც შესაძლოა მალე შეუერთდნენ ქართული ფეხბურთის გრანდს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურდება, თუმცა ჩვენი წყაროს თქმით, მათი გადმობირება თითქმის გადაწყვეტილია.
თითქმის გადაწყვეტილია ბულგარული „ჩერნო მორეს" გარემარბის - მატიას კურიეს საკითხი. 28 წლის მარტინიკელმა ფეხბურთელმა კარიერა საფრანგეთში დაიწყო და 2008-2010 წლებში „ნანტის" ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც ესპანეთში გადაბარგდა. მატიასი საკმაოდ ტექნიკური ფეხბურთელია, სისწრაფეს არ უჩივის და მოედნის კარგი ხედვა აქვს. აღსანიშნავია, რომ იგი ამჟამად კარიერის მანძილზე საუკეთესო ფორმაში იმყოფება და ალბათ სწორედ ამიტომ მიიპყრო თბილისელთა ყურადღება. კურიეს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, ასეთი ფეხბურთელი კი „დინამოს" ნამდვილად აკლია.
მატიას კურიე ვარნას „ჩერნო მორეს" ღირსებას 2 სეზონია იცავს და მისი მაისურით 54 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 16 გატანილი გოლით გამოირჩა. გარდა ამისა, კლუბთან ერთად ბულგარეთის თასისა და სუპერთასის მფლობელიც გახდა. რაც შეეხება მარტინიკის ნაკრებში მის ასპარეზობას, 28 წლის გარემარბის ანგარიშზე 6 ჩატარებული მატჩი და 1 გატანილი გოლია.
გავრცელდა ხმები, რომ „დინამოს" უბრუნდება ეროვნული ჩემპიონატის 2014/2015 წლების გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი პაპუნაშვილი. 20 წლის შემტევი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბრემენის „ვერდერში" გადაბარგდა, თუმცა მთავარ მწვრთნელს სათანადოდ ვერ მოაწონა თავი და მეორე გუნდში დაფუნძდა. პაპუნაშვილი გერმანულ კლუბში განათხოვრებული იყო და დოკუმენტის მიხედვით, „ვერდერი" უფლებას იტოვებდა თანხის გადახდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ზაფხულში მიეღო. გასაკვირი ნამდვილად არ უნდა იყოს, თუ ბრემენელები პაპუნაშვილის შეძენისგან თავს შეიკავებენ და ფეხბურთელი „დინამოს" დაუბრუნდება, სადაც თამაშისას თავს გაცილებით ლაღად გრძნობს და თბილისელთა შეტევის დიდ ძალას წარმოადგენს.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის ხილვასაც ქართველი გულშემატკივარი „დინამოს" რიგებში ისურვებდა, ერიკ საბოა. 24 წლის სლოვაკი ცენტრალური ნახევარმცველია, თუმცა ფლანგებზეც კარგად გამოსდის თამაში. იგი ტრნავას „სპარტაკის" აღზრდილია და ამ კლუბის ღირსებას დიდი ხანი იცავდა. ნათამაშები აქვს მიავას „სპარტაკშიც", უკანასკნელ სეზონში კი სალონიკის „პაოკ"-ისთვის ირჯება, თუმცა სათამაშო დროის უკმარისობას განიცდის. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ეს ტრანსფერი განხორციელდეს. გარდა ამისა, საბოს კარგად იცნობს თბილისელთა თავკაცი იურაი იარაბეკი, ტრნავას „სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი იყო. მაშინ „სპარტაკმა" ევროთასიდან „ზესტაფონი" გამოთიშა ასპარეზობას და იმ მატჩებში საბო უდაოდად გამოირჩეოდა მოედანზე კარგი თამაშით. თავად საბო „დინამოში" გადმოსვლის წინააღმდეგი არ უნდა იყოს. ახლა ქართული მხარე „პაოკ"-ის პასუხს ელის და თუ ტრანსფერი განხორციელდება, თბილისელები საგრძნობლად გაძლიერდებიან.
ჩვენი ინფორმაციით, გარდა ამ კანდიდატურებისა, თბილისის „დინამო" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და უახლოეს დროში პირველ ოფიციალურ ტრანსფერსაც გამოაცხადებს.