logo_geo
eng_logo
რომან კაკულია მესამე პოლიტიკურ ძალას ელის
- +

21 თებერვალი. 2019. 16:29

 

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მესამე პოლიტიკურ ძალაზე საუბრობს და „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმავალს უწოდებს.

 

ამის შესახებ კაკულიამ, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის კონტექსტში „ტვ-პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

კაკულიამ აღნიშნა, რომ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დაუჭერს თუ არა მხარს ეკა ბესელიასა და 8 დეპუტატის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც I და II ინსტანციებში, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადადებას ითვალისწინებს. თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ, 20 თებერვალს განაცხადა, რომ კანონპროექტს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. კაკულია ამბობს, რომ პირად გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს.

 

„ნურავის, მათ შორის, ჩემს კოლეგებს ნუ ეწყინებათ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, ჩემს პირად გადაწყვეტილებას თვითონ მივიღებ. ძალიან საინტერესოა გუნდის გადაწყვეტილებები, მაგრამ მე უნდა ვიცოდე, რატომ ვიღებ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

 

კაკულიას თქმით, მისთვის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია საკუთრივ მისი გადაწყვეტილება და 21 თებერვალს სურს, რომ თავის კითხვებზე პასუხი მოისმინოს.

 

„დღეს გადაწყვეტილების მიღება მორალური და ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე ძალიან ადვილია – მე ასეთი სასამართლო არ მინდა, დღესვე მზადა ვარ, დავტოვო პარტიაც, „ოცნებაც“ და უმარტივესია ეს, საერთოდ არ არის არანაირი სირთულე, მაგრამ მერე რა მოხდება?!“- აღნიშნავს კაკულია.

 

კაკულია ასევე აცხადებს, რომ სწორი პროცესი, სწორმა ძალებმა უნდა დაიწყონ და შესაძლოა უმჯობესი იყოს, რომ მოსამართლეების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა მომავალ, მესამე ძალას დარჩეს:

 

„ჩვენ ვართ შორს რეალური დემოკრატიისგან და ეს თუ არ ვაღიარეთ, ვერ მივხვდებით, ამ მოსამართლეებთან დაკავშირებულ საკითხებში როგორ მოვიქცეთ.

 

საზოგადოება დემოკრატიის ფორმირებაში ვერ მონაწილეობს და ამ ეტაპზე რაც არის დემოკრატია, მან ისეთი სასამართლო მიიღო, როგორიც მიიღო. ჩვენ თუ ავიღებთ დემოკრატიის თარგს და დავადებთ ამ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ის იმ წუთას გამოსაცვლელია.

 

ჩვენ უნდა დავიწყოთ სწორი პროცესი და სწორმა ადამიანებმა თუ არ დაიწყეს სწორი პროცესი, ჩვენ მაშინ ისევ იქამდე მივალთ. მესამე ძალაზე როდესაც არის საუბარი, მე ვფიქრობ, რომ სანამ საზოგადოება ვერ წარმოქმნის მესამე ძალას, რომელიც თვისობრივად ახალი იქნება, ჩვენ და „ნაციონალური მოძრაობა“, ნუ ეწყინებათ ჩემს თანაგუნდელებს, წარმავალი ძალები ვართ ქვეყნის მომავლისთვის. რა უფრო უკეთესია, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავარტყათ ახლა სასამართლოს, გავაჩეროთ პროცესები და არ დაველოდოთ, მომავალ პოლიტიკურ განვითარებას რა პერსპექტივა აქვს?“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner