პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კორცხელში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, პოლიციელების აქტიური ჩარევა და მუშაობა რომ არა, კორცხელში სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო გართულებულიყო.
„ყველას გვახსოვს ეს კადრები და ჩვენი თვალით ვნახეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას. თუ ვინმეს უნდა ჩვენი სამართალდამცველი ორგანოების დისკრედიტაცია, ეს მათი პოლიტიკური მიზანია და სპეკულაცია, რადგან რომ არა პოლიციელების აქტიური ჩარევა და მუშაობა, შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო გართულებულიყო, ამიტომ მადლიერების განცდა უნდა ჰქონდეს ზოგიერთ ადამიანს .
მე დავინახე „ნაციონალური მოძრაობის" წევრების აშკარა პროვოკაციები, რომელსაც თავისი პოლიტიკური მიზანი ჰქონდა. ამიტომ ყველა კითხვას უნდა გაეცეს თავისი პასუხი, დაველოდოთ გამოძიებას და შემდეგ შევაფასოთ სიტუაცია. ეჭვი არავის ეპარება, რომ თუ ვინმეს უნდა მშვიდად და სამართლიანად არჩევნები ჩაატაროს, ეს არის ჩვენი ხელისუფლება და „ქართული ოცნება" ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროვოკაციული ქმედებები აღიკვეთოს, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მხრიდან მოდის ეს. საბოლოოდ, ეს ჩვენ ქვეყანას დააზიანებს. ყველას მოვუწოდებ, ამ პროცესის ნაწილი გახდეს და არა ისე, რომ ხელი გავიშვიროთ ხელისუფლებისკენ, რომ სიტუაცია მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს, როცა არიან ძალები, რომლებსაც უფრო მეტი პოლიტიკური მიზნები გააჩნიათ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.