„ზუსტად 98 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, კერძოდ, მისმა დამფუძნებელმა კრებამ, პირველი ქართული კონსტიტუცია მიიღო. პირველი ქართული კონსტიტუცია წარმოადგენდა მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე და პროგრესულ კონსტიტუციას“, - ამის შესახებ „რესპუბლიკა 100“ სოციალურ ქსელში წერს.
„კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო. მუდმივ და უცვლელ ფორმად პოლიტიკური წყობილებისა გამოცხადდა დემოკრატიული რესპუბლიკა.
კონსტიტუციამ აკრძალა წოდებრივი განსხვავებები, ყველა მოქალაქე აღიარა თანასწორად, ხაზი გაესვა ქალისა და მამაკაცის თანასწორობას სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საოჯახო ასპარეზზე, კონსტიტუციამ აკრძალა რომელიმე ეთნიკური უმცირესობის უფლებების შეზღუდვა.
კონსტიტუციამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელნი არიან და გამიჯნულნი, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ხაზინებს სარწმუნოებრივი საქმიანობის დაფინანსება აეკრძალათ. კონსტიტუციამ აკრძალა სიკვდილით დასჯა.
შრომა გამოცხადდა რესპუბლიკის არსებობის საფუძვლად. აიკრძალა 16 წლამდე ბავშვების მუშაობა. კონსტიტუციაში ეწერა, რომ სახელმწიფოს მუშის შრომის ნაყოფი უნდა დაეცვა კერძო პირთა ექსპლოატაციისაგან. სამუშაო საათების ზედა ზღვრად კვირაში 48სთ განისაზღვრა. მომუშავე ადამიანს კვირაში უწყვეტი 42 საათი მაინც უნდა დაესვენა.
კონსტიტუციამ, პიროვნება - ადამიანი, ხელშეუხებლად გამოაცხადა!“ - წერს „რესპუბლიკა 100“.