სასამართლომ კუპრავას გირაო პატიმრობით შეუცვალა.
2019 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა სხდომა ზ.კ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ბრალდების მხარემ მოითხოვა ზ.კ-ს მიმართ გირაოს სახით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით, ვინაიდან ბრალდებულმა ახალი დანაშაულის ჩადენით დაარღვია გირაოს პირობები.
პროკურორმა პროცესზე წარადგინა ზ.კ-ს მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 19 თებერვალს გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ზ.კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.