logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ქართული სახელმწიფო ტატუნაშვილის მკვლელობაზე მართლმსაჯულებას აუცილებლად დააყენებს
- +

22 თებერვალი. 2019. 10:47

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია გაფართოვდება.

 

ამის შესახებ ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც მან ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს პატივი მიაგო.

 

პრემიერის თქმით, ქართული სახელმწიფო დააყენებს მართლმსაჯულებას ამ სასტიკ დანაშაულზე.

 

„ჩვენ სწორედ ასეთი მძიმე დანაშაულებების გამო შევქმენით „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ და სიაში არიან შეყვანილი ბრალდებული პირები, რომლებსაც საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი.

 

ეს სია აუცილებლად გაფართოვდება, ვინაიდან იცით, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება. ყველა ჩვენს პარტნიორს ვთხოვთ, გაითვალისწინოს ეს სია და 2019 წელი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ყველა პლატფორმას ვიყენებთ, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას. ეს იქნება გაერო, ეუთო, ევროკავშირი თუ სხვა საერთაშორისო პლატფორმები.

 

დარწმუნებული ვარ, ქართული სახელმწიფო დააყენებს აუცილებლად მართლმსაჯულებას ამ სასტიკ დანაშაულზე. ყველაფერი უნდა შევძლოთ იმისთვის, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები გამოვრიცხოთ.

 

ეს იყო ტკივილი, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. ქართული სახელმწიფო დგას არჩილის ნაირ გმირებზე“, - განაცხადა პრემიერმა.

 

დღეს, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა.

 

35 წლის არჩილ ტატუნაშვილი, მეგობრებთან ერთად საოკუპაციო რეჟიმმა 2018 წლის 22 თებერვალს 2008 წლის ომში მონაწილეობისა და დივერსიის მოწყობის ბრალდებით დააკავა, რის შემდეგაც ცხინვალის ციხეში ცემით მოკლეს.

 

თუმცა, სეპარატისტული რეჟიმის მტკიცებით, სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

 

მისი ცხედარი კი, მოთხოვნის მიუხედავად, ქართულ მხარეს ერთი თვის დაგვიანებით გადმოსცეს. ექსპერტიზამ კი აჩვენა, რომ ის ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

 

 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას. დოკუმენტი აწესებს შავ სიას იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია დანაშაულების ჩადენასა და დაფარვაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner