საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
მინისტრის შეფასებით, მომხდარი უდიდესი ტრაგედია და უსასტიკესი დანაშაულია.
„ჩვენ ყველანი ვდგავართ ოჯახის გვერდით. მას დარჩა შვილები, დარჩა მშობლები, ისინი უნდა ვანუგეშოთ, დავუდგეთ გვერდით, შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები, მათ უნდა გააგრძელონ ცხოვრება. რაც შეეხება დანაშაულს, პიროვნება იდენტიფიცირებულია, დადგენილია და ის წარსდგება სამსჯავროს წინაშე", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, მრავლი წლის განმავლობაში ხდებოდა მსგავსი დანაშაული, რაც იმ აგრესიის შედეგია, რომელიც საქართველოს მიმართ განხორციელდა.
„ეს არის ოკუპაციის შედეგი. უნდა ვეცადოთ, რომ მინიმუმადე იყოს დაყვანილი ასეთი შედეგები. ამავდროულად ყველა იმ ადამიანმა უნდა აგოს პასუხი, რომელიც მსგავს დანაშაულს ჩაიდენს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.