„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.ბ. მუხრანში დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დაკავებულს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედება. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „АКМ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 15 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა- შენახვას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.