რას ჰყვება იმედა კახიანი თავისი მშობლების შესახებ და რომელი პროფესიის დაუფლებას აპირებდა ის დედას ხათრით - ამასთან დაკავშირებით ცნობილი მსახიობი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„ახლა, როცა უკან ვიხედები, ყველაზე მეტად ბავშვობა მენატრება. მამა რეპრესირებული იყო. სასწაულად გადარჩა, დაავადებული დაბრუნდა ციმბირიდან. ქალაქში ცხოვრება ეკრძალებოდა და ამიტომ სოფელში გადავსახლდით. დედა მასწავლებელი გახლდათ. განთიადზე დგებოდა, პირუტყვი, ფრინველი, ეზო-კარი, სამი ბიჭი, ავადმყოფი ქმარი - ყველაფერი მის კისერზე იყო. ორი კილომეტრით დაშორებულ სკოლაში ლამის სირბილით მიდიოდა, შემდეგ ასევე სირბილით ბრუნდებოდა უკან და გვიან ღამემდე ციბრუტივით ტრიალებდა.
დედა ჩემს ექიმობაზე ოცნებობდა და მეც სამედიცინო ინსტიტუტს მივაშურე. ქულები დამაკლდა და გარეთ დავრჩი. ჩემი მეზობელი, ნოდარ ფირანიშვილი, თეატრალურ ინსტიტუტში პირველ კურსზე სწავლობდა. ისე დამიხატა იქ არსებული გარემო, რომ დამითანხმა თეატრალურში ჩაბარებაზე“,- აღნიშნავს იმედა კახიანი.