ვენესუელის საზღვარზე სამხედროებსა და ოპოზიციის მომხრეებს შორის შეტაკებისას სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები. დაპირისპირება ვენესუელა-კოლუმბიის და ვენესუელა-ბრაზილიის საზღვარზე მოხდა. ვენესუელის ჯარმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა კოლუმბიაში გადასასვლელად საზღვრის გარღვევა სცადეს, რომელიც ნიკოლას მადუროს განკარგულებით სამხედროებს აქვთ ჩაკეტილი. მანამდე, ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო კოლუმბიაში გადავიდა, ის მომხრეებთან ერთად ვენესეულაში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანას აპირებდა. ორშაბათს გუაიდო ბოგოტაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდება.
მომხდარის შემდეგ ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ვენესუელა კოლუმბიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. შეტაკებები საზღვარზე მკაცრად დაგმო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.