„ქართული ოცნება“ პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღის წესრიგში რთული პოლიტიკური საკითხებია, რომლებზეც მმართველმა პარტიამ სათანადო გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.
„ეს არის მეტწილად მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა და სწორედ ამას უკავშირდება, რომ განსხვავებული პოზიციები და არგუმენტები გვესმის. შესაძლოა, რთული გარდაქმნების პერიოდი იყოს, მაგრამ „ქართული ოცნება“ პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს. ამასთან, პარტია „ქართულ ოცნებაში“ აღარ ირიცხებიან: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე. ფოფხაძე განცხადებას დღეს გააკეთებს.
ბექა ნაცვლიშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის, პარტია „სოციალ-დემოკრატებისა“ და ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება საპენსიო რეფორმის შესახებ მის მიერ მომზადებული პროექტის კენჭისყრაზე ჩავარდნას უკავშირდება. ეკა ბესელიამ კი, უმრავლესობა მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.