logo_geo
eng_logo
გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა საქართველოდან ისევ იმატა
- +

25 თებერვალი. 2019. 11:38

 

 

„გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვმა ისევ იმატა“, -  ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საქართველოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და სამართლის განყოფილების უფროსმა იან ბითნერმა განაცხადა.

 

ბითნერის თქმით, მიუხედევად ამისა, შანსი, რომ ვინმე ამ განაცხადზე თანხმობას მიიღებს, თითქმის ნულის ტოლია.

 

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ვიზების ლიბერალიზაცია დიდი მიღწევაა. ახლა ევროკავშირში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცილებით იოლია და გასულ წელს გერმანიაში ქართველ ვიზიტორთა მკვეთრი ზრდა აღინიშნა.

 

ვიზების ლიბერალიზაციის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა. განსაკუთრებით, გასული წლის დასაწყისში ასეთი განაცხადების რიცხვი გასამმაგდა. ეს იყო მიუღებელი მდგომარეობა, რომელიც უვიზო რეჟიმს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.

 

ამასობაში, გერმანიაში ასეთი განაცხადების რიცხვმა საგრძნობლად დაიკლო, მაგრამ ამჟამად არსებული რაოდენობაც ჯერ კიდევ დიდია, მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ფაქტობრივად, არ აქვთ შანსი, გერმანიაში თავშესაფარი მიიღონ. ყოველი ასეთი საქმე იწვევს უაზრო ხარჯებს და ხშირად უარყოფით შედეგებთან არის დაკავშირებული.

 

გასულ წელს, ზუსტად იმ პერიოდში, როცა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო, უვიზო რეჟიმი საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან გერმანიისთვის უკვე მიუღებელი იყო, რომ ხალხს უვიზო რეჟიმი ამ მიზნებისთვის გამოეყენებინა. მაშინ ჩვენ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა დავიწყეთ. საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან კარგად თანამშრომლობს. თანამშრომლობის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ ეს რიცხვი შემცირდა.

 

ამა წლის იანვარში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა ისევ იმატა. როგორც აღვნიშნე, შანსი იმისა, რომ ვინმე ამ განაცხადზე თანხმობას მიიღებს, თითქმის ნულის ტოლია. ვინც 2018 წელს ითხოვდა თავშესაფარს, მათგან თანხმობა მხოლოდ 0,2%-მა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა შემთხვევა ცალ-ცალკე განიხილებოდა. მე მოველი, რომ წელსაც თანხმობათა რაოდენობა ისეთივე დაბალი იქნება, როგორც გასულ წელს“, - განაცხადა იან ბითნერმა.

 

2018 დეკემბრის მონაცემებით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 303, ხოლო 2019 წლის იანვარში 534 იყო. ამასთან, გასულ წელს, გერმანიის ფედერაციისგან თავშესაფრის სტატუსი საქართველოს 4 265 მოქალაქემ მოითხოვა, საიდანაც დადებითი პასუხი მხოლოდ 0,2%-მა მიიღო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner