„98 წლის წინ დასრულდა ბრძოლა თბილისის გადარჩენისთვის, დაიღუპა იუნკერების ძალიან დიდი ნაწილი და ეს დღე ჩვენთვის ძალიან სამახსოვროა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუნკერთა მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იუნკერთა თავდადებით საქართველო გადარჩა.
„იმ დღეს დასრულდა ბრძოლა, მაგრამ არ დასრულებულა საქართველოსთვის ბრძოლა, რომელიც მისი დამოუკიდებლობისთვის გრძელდება. მათი თავდადებით რეალურად გადარჩა საქართველო და დღემდე მოვიტანეთ ეს დამოუკიდებლობა. ამისთვის უნდა ვიყოთ არა მხოლოდ მადლიერი, გვჭირდება, რომ ყოველდღიურად გვახსოვდეს.
ვწუხვარ, რომ კოჯორშია მხოლოდ იუნკერთა მემორიალი, მაგრამ არანაირი ნიშანი არ არის იმ ისტორიის, რომელიც აქ მოხდა.
აქ თუ ამოვლენ ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები, უცხოელები, უნდა იცოდნენ, რა მოხდა, რომელი ბრძოლა გაიმართა, რა მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა, რატომ არის ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.