2008 წლის 8 მაისს თბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ვახტანგ აბუაშვილის მიერ მოკლული 31 წლის გიორგი გამცემლიძის მამ ჯამბულ გამცემლიძე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს გარემოცვა ატყუებს! ჯამბულ გამცემლიძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება, რომელმაც სამართლიანობა ვერ აღადგინა, ელოდება იმ დროს, როცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ დახოცილი ახალგაზრდების მშობლები ცოცხლები აღარ იქნებიან.
ჯამბულ გამცემლიძე, მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა: - როგორც „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი დავით კოღუაშვილი ფეისბუქით გვამცნობს, თურმე, ნაცმოძრაობა დევნილობაში ყოფილა, ხოლო ვანო მერაბიშვილი ყოფილა მსხვერპლი იმ რეჟიმისა, რომელიც შექმნეს თვითონ ვანო მერაბიშვილმა და მტარვალმა სააკაშვილმა. მოგეხსენებათ, ჩემი შვილის მკვლელობამდე ხუთი წელი ვებრძოდი ნაცმოძრაობას, ხოლო ჩემი შვილის მკვლელობის შემდეგ ამ წყეულებს ოთხი წელი ვებრძოლე. ახლა კიდევ ოთხი წელიწადია, ლოდინის რეჟიმში ვარ... როგორც ჩანს, ჩემი რიგიც დადგა, მეც მომიწევს მიქელგაბრიელთან გამგზავრება, მაგრამ სანამ მოვკვდები, ჩემს სიტყვას მაინც ვიტყვი! კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ" დავით კოღუაშვილის სახით თავის რიგებში მოიყვანა კაცი, რომელიც იმ ძალის ქება-დიდებაშია და იმ ძალის საცოდაობით იწვის, ვისაც მთელი საქართველო წყევლა-კრულვას უგზავნის!
დავით კოღუაშვილის ადგილი „ქართულ ოცნებაში" არ არის და პირადად მე კოღუაშვილსა და მისთანებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ნაცმოძრაობა არის ცოდო, ერთ საინტერესო წინადადებას ვთავაზობ! წამობრძანდით, მე გაჩვენებთ გურამ შარაძის, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, იური ვაზაგაშვილის, ჩემი გიორგის საფლავებს. ნახეთ, სად არის ეს ხალხი და მერე მიპასუხეთ, რომელი უფრო ცოდოა - ვინც მე ჩამოვთვალე თუ ვანო მერაბიშვილი, რომელიც სასჯელს კი არ იხდის, ციხეში ბაირამობს!
- ბატონო ჯამბულ, რა მოხდა, „ქართულმა ოცნებამ" ხალხი „გადააგდო"?
- არ ვიცი, გადაგვაგდეს თუ არა, მაგრამ პირადად მე რომ ასეთი განცხადებებით შეურაცხყოფილი ვარ, იმას ვხედავ, რომ ჩემსკენ უკვე აღარავინაა და ვისთან ერთადაც ვიბრძოდი, იმათ ზურგი მაქციეს, ეს ფაქტია! ოცნება აისრულა მხოლოდ იმ ხალხმა, ვინც დღეს პარლამენტშია და ვინც სკამებზე მოკალათდნენ, თორემ ჩვენ ვის ვახსოვართ? რატომ ჰქვია ჩვენი შვილების მკვლელობის საქმეებს გახმაურებული საქმეები? იმიტომ, რომ სულ რაღაც ოთხი-ხუთი ოჯახი ვიყავით, ვინც ვხმაურობდით, თორემ დანარჩენები ჩირგვებში ისხდნენ და ხმას არ იღებდნენ. საუბედუროდ, ეს ხალხი დღესაც გაჩუმებულია და ასე რატომ იქცევიან, ვერ გამიგია...
- 9 წელი გავიდა აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობიდან! თქვენი აზრით, არის თუ არა გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელი?
- ბარათელი არის თუ არა ბატონი გურამის მკვლელი, ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. მე ვიცი, რომ გურამ შარაძის მკვლელები არიან მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდა, ხოლო ბანდის წევრები ვინ არიან, ეს ყველაზე კარგად იცის სააკაშვილმა, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს! ღრმად ვარ დარწმუნებული, როგორც კი სააკაშვილი ციხეში მოხვდება, ყველა მკვლელობა მაშინვე გაიხსნება, რადგან სააკაშვილი ყველაფერს იტყვის! სააკაშვილის ლოცვა-კურთხევის გარეშე მაგის ბანდის წევრები სადილზე ვერ მიდიოდნენ და როგორ ფიქრობთ, გურამ შარაძე ის კაცი იყო, რომლის მოკვლასაც ვინმე სააკაშვილის გარეშე გადაწყვეტდა? ცხადია, ყველაფრის მამამთავრები არიან მიხეილ სააკაშვილი და ის წყეული ადამიანები, რომლებიც ბატონ კოღუაშვილს ძალიან ეცოდება. ვფიქრობ, ესენი ელოდებიან მომენტს, როცა ჩვენ ყველანი დავიხოცებით! ორი ადამიანი - ირინა ენუქიძე და იური ვაზაგაშვილი - შეაკვდა სამართლის ძებნას... ახლა მეც ძალიან ცუდად ვარ და როგორ რა მომივა, არ ვიცი. დარჩებიან ია მეტრეველი და სოსო რობაქიძე, თუ მათაც რამე არ „მოუხერხეს"... სანამ შემიძლია და პირში სული მიდგას, ვერ გავჩუმდები, შვილის სიკვდილს ვერავის ვაპატიებ!
- ბატონო ჯამბულ, დღეს რომ გურამ შარაძე ცოცხალი ყოფილიყო, რა პოზიცია ექნებოდა?
- ბატონ გურამ შარაძეს დიდი ხანია, ვიცნობდი. მე და ბატონი გურამი გაგანია კომუნისტების დროს მიხა ხელაშვილის საფლავზე ბალახს ვთხრიდით ხოლმე. არაჩვეულებრივად სამართლიანი კაცი იყო... ალბათ, იმას იტყოდა, რაც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს - ხელისუფლებამ, რომელიც ჩვენი ხელდასხმით მოვიდა ქვეყნის სათავეში, ჩვენი იმედები ვერ გაამართლა! მე ბიძინა ივანიშვილს მადლობა მინდა ვუთხრა, რომ ის არსებობს, მან უდიდესი საქმე გაუკეთა საქართველოს. ბიძინასნაირ ქველმოქმედს საქართველოს ისტორიიდან ვერ ვიხსენებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას ატყუებენ და შეცდომაში შეჰყავთ! ბატონმა ბიძინამ კარგად გაიაზროს ერთი საფრთხე - მის გვერდით არ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც რეიტინგს დააკარგვინებენ!
დიტო ჩუბინიძე