logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: კომპლექსური პროგრამა, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერის სამ მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს, უახლოეს პერიოდში ამოქმედდება
- +

25 თებერვალი. 2019. 20:45

 

 

ღია დიალოგი ბიზნესთან“ - ეს არის ძალიან სასარგებლო პლატფორმა, სადაც გულახდილად შეგვიძლია ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ბიზნესს მიაჩნია მნიშვნელოვნად და ასეთი საკითხების სწრაფად გადასაჭრელად ესაჭიროება მთავრობის მხარდაჭერა, - ეს განცხადება გიორგი ქობულიამ ბიზნესფორუმზე გააკეთა, რომელშიც საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან მოწვეული მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების, კოოპერატივებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტს სახელწოდებით „ღია დიალოგი“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

 

გიორგი ქობულიამ კერძო სექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კომპლექსური პროგრამა, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

 

 პროგრამა მოიცავს სამ მნიშვნელოვან მიმართულებას, ესენია: ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ბიზნესისთვის, პროფესიული განათლება და სახელმწიფო ქონების მიზნობრივი გასხვისება. მინისტრის შეფასებით,  სამივე მიმართულება ძალიან დიდ როლს შეასრულებს როგორც ბიზნესის წახალისების, ისე   სამეწარმეო და  ბიზნესკულტურის განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში.

 

თქვენ იცით, რომ დღეს ბიზნესის ფინანსებზე წვდომა არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რისთვისაც მთავრობას აქვს როგორც საგრანტო, ასევე პროცენტების დაფინანსების  პროგრამები.

 

 მათ აპრილიდან დაემატება  მესამე მიმართულება - ეს არის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც გულისხმობს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მთავრობის თავდებით, როდესაც კომპანიებს არ გააჩნიათ კრედიტის უზრუნველყოფისთვის საკმარისი რესურსი. ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება წარმოება და გადამუშავება, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ტრეინინგ ცენტრები, სერვისების ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, R&D, სასტუმროების სექტორი და ასე შემდეგ“,- აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 

მეორე მიმართულება, რაზეც მინისტრმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ისაუბრა,   არის პროფესიული გადამზადების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ.

 

 

უკვე იქმნება ინფრასტრუქტურა, რომ წელიწადში დაახლოებით 50 000 ადამიანის გადამზადება განვახორციელოთ და თქვენ გქონდეთ, თქვენს საწარმოებში მეტი პროფესიული კადრის მოზიდვისა და დასაქმების შესაძლებლობა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

გიორგი ქობულიამ ასევე დეტალურად განმარტა კომპლექსური პროგრამის მესამე კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მიზნობრივ გასხვისებას გულისხმობს.

 

სახელმწიფოს აქვს დიდი რაოდენობით უძრავი ქონება და ის უნდა ჩავრთოთ ეკონომიკურ საქმიანობაში. ამისთვის ჩვენ ვქმნით მთელ რიგ მექანიზმებს, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ბიუროკრატია და ბიზნესისთვის საინტერესო ქონების საკითხების გადაწყვეტა მოხდეს სწრაფად. შედეგი, რაც აქედან უნდა მივიღოთ, არ არის მხოლოდ ბიუჯეტის შევსება, ჩვენ გვსურს, რომ ქონება ჩართული იყოს ეკონომიკურ საქმიანობაში“, - განაცხადა ქობულიამ.

 

ფორუმზე, რომელსაც  200-მდე მეწარმე ესწრებოდა,  დიალოგის ფორმატში განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი და იმსჯელეს ბიზნესის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე. მეწარმეებს საშუალება ჰქონდათ, მთავრობის წარმომადგენლებისთვის უშუალო დიალოგის ფორმატში მიეღოთ პასუხები მათთვის აქტუალურ კითხვებსა და მთავრობის გეგმებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner