„ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ, ქართული ტრადიციების მიმდევარი ვარ და თუ ასეთი კაცი „ქართულ ოცნებაში" არ უნდათ, პირდაპირ გვითხრან!"
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი, პროფესორი ომარ ნიშნიანიძე შაბათს, 21 მაისს, „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე შექმნილ ვითარებას მიმოიხილავს და ეჭვობს, რომ თავის მეგობრებთან ერთად პარტიიდან ჩამოწერეს! ომარ ნიშნიანიძის თქმით, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ „ქართული ოცნების" სიაში ლიბერასტები შეიყვანონ!
- ბატონო ომარ, რა გაირკვა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე და როგორი იქნება თქვენი და იმ ხალხის მომავალი, ვინც„ ოცნების" საპარლამენტო სიაში არ განიხილებით?
- დავით კოღუაშვილის ბოლოდროინდელმა განცხადებამ ჩვენი შეკრება დააჩქარა... მანამდეც იყო ამის სურვილი, რადგან ხალხში უკვე დიდი ხანია, გაისმის ხმები - „ამათ „გადაგვაგდეს!" „ესენი ნაცებთან არიან შეკრული და სააკაშვილს აბრუნებენ!" ძალიან სამწუხაროა, რომ შეხვედრაზე, რომელსაც ვესწრებოდით მთელი ფრაქცია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი და ორივე ვიცე-პრემიერი, თავად კოღუაშვილი არ ბრძანდებოდა!..
- კი მაგრამ, ამ გაგებისა და მსოფლმხედველობის კაცი ვინ შეარჩია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში ადგილის დასაკავებლად?
- ეს კითხვა შეხვედრაზეც დაისვა და ამაზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე აიღო პრემიერ-მინისტრმა. მან მოგვიბოდიშა - კოღუაშვილი თავის დროზე მკვეთრად უპირისპირდებოდა სააკაშვილის რეჟიმს და მისი ეს განცხადება მთლიანად ამოვარდნილი იყო ბატონი დავითის მოქმედებისა და წარსულის კონტექსტიდანო!
- რაო, მთვრალმა გააკეთა ეს განცხადება თუ ჭკუაზე არ იყო, ამას რომ წერდაო?
- არ ვიცი, რა დაემართაო!
- სხვათაშორის, უცხოეთში ვიზიტის დროს პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმაც გარკვევით თქვა - ნაციონალებმა ბევრი კარგი გააკეთესო!
- პრემიერისა და კოღუაშვილის განცხადებებს ერთმანეთთან მაინც არ გავაიგივებდი! პრემიერმა, ალბათ, ნაცების მიერ დაწყებული ის რეფორმები იგულისხმა, რომლებიც თავიდან ხალხში მოწონებით სარგებლობდა, მაგრამ სააკაშვილმა მერე ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხა...
- ბიძინა ივანიშვილმა რა თქვა კოღუაშვილის ამ განცხადებაზე?
- ბატონმა ბიძინამ გულისწყრომა გამოხატა და აღნიშნა, რომ ასეთი რამ არ უნდა თქმულიყო! ბატონი ბიძინა გამოსვლაში რადიკალური არ ყოფილა...
- ბატონო ომარ, იქნებით თუ არა „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში?
- საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული - პრემიერ-მინისტრი ფრაქციის თავმჯდომარესთან და ბიძინა ივანიშვილთან ერთად ინდივიდუალურად შეხვდება ყველას და ამ საკითხს განიხილავენ! მათ არგუმენტებით უნდა დაგვიმტკიცონ, რომ ის ადამიანები, რომლებიც პარტიაში ახლა მოიყვანეს, ჩვენზე მეტნი არიან ან განათლებით, ან საქმის ცოდნით, ან მამულიშვილობით და ა.შ. არადა, „ქართულ ოცნებაში" ვართ რამდენიმე კაცი, რომლებიც ჩამოწერას მართლაც არ ვექვემდებარებით!
- თამაზ მეჭიაური, „ქართული ოცნებიდან" წავიდა, თუმცა, უმრავლესობაში დარჩა... თქვენ რას აპირებთ?
- ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პასუხს მივიღებ და რა არგუმენტებს შემომთავაზებენ იმ ინდივიდუალური შეხვედრების დროს. ნაცებთან რომ არ გავერთიანდები და მაგათ არ შევეკვრები, მგონი, ამაში ეჭვი არავის ეპარება!
- ბატონო ომარ, რატომ არ იმყოფებოდა ამ შეხვედრაზე სოსო ჯაჭვლიანი?
- სოსო არ ყოფილა და ბატონმა ბიძინამაც თქვა - სოსოსთან ერთი-ერთზე მქონდა საკმაოდ მძიმე საუბარი, მაგრამ ერთმანეთს შევპირდით, რომ კვლავ შევხვდებოდითო!
- ქუთაისელი კაცი ხართ და გული რას გითქვამთ, „ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ ჩამოგწერათ?
- (იცინის) მე მგონი, უკვე ჩამოწერილი ვარ! თუმცა, პირადად მე ჯერჯერობით არც სიაში ვწერივარ და არც „ქართული ოცნებიდან" ჩამოწერილებში, რადგან პრემიერ-მინისტრთან და თუნდაც ბატონ ბიძინასთან პირისპირ საუბრისას ჩემი არგუმენტები აუცილებლად მექნება! იცით, გული რაზე მიკვდება? არ მინდა, რომ ჩემი მანდატი ვიღაც ლიბერასტსა და ნაცს ჩავაბარო! მე ვიბრძოლებ! ეროვნული კაცი ვარ, ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ, ქართული ტრადიციების მიმდევარი ვარ და თუ ასეთი კაცი „ქართულ ოცნებაში" არ უნდათ, პირდაპირ გვითხრან!
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე