ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ათეული:
1. დავით ბაქრაძე;
2. ელენე ხოშტარია;
3. რომან გოცირიძე;
4. ნიკანორ მელია;
5. გიორგი ტუღუში;
6. ოთარ კახიძე;
7. სალომე სამადაშვილი;
8. ირაკლი აბესაძე;
9. სერგი კაპანაძე;
10. სერგო რატიანი
გასულ კვირას ნაციონალებმა ძველი თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ადგილას - ლეღვთახევში მოიყარეს თავი, საზოგადოებას საარჩევნო სიის პირველი ათეული გააცნეს და პარტიის რამდენიმე ახალი წევრიც წარადგინეს.
მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ, სააკაშვილის ფოთლები ლეღვთახევში შეიკრიბნენ!
ლეღვთახევს ლეღვთახევი იმიტომ ჰქვია, რომ ძველ დროში ამ ადგილას ბევრი ლეღვის ხე ხარობდა!
ნაციონალების საარჩევნო სიაში შეყვანილ პერსონებს კი სააკაშვილის ლეღვის ფოთლები იმიტომ ეწოდებათ, რომ ცდილობენ, სააკაშვილს, ბოკერიას, ბარამიძეს, თარგამაძესა და ქართველი ხალხის სისხლში გასვრილ სხვა მანიაკებს პოლიტიკურ სარცხვინელზე აეფარონ, აქაოდა, მათი ცოდვები და დანაშაულები „ახალი სახეების" მიღმა უნდა მივჩქმალოთო.
არადა ვინ არიან ეს „ახალი სახეები?"
ნაცმოძრაობის სიის პირველი ნომერი და მთავარი ლეღვის ფოთოლი სააკაშვილის ჯიბის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძეა, რომელსაც თავისი მრავალწლიანი პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში ღირებული არაფერი შეუქმნია და ქართული პოლიტიკის ისტორიაში ორი სამარცხვინო ეპიზოდით დარჩება:
2008 წლის დროს, როცა რეალური საფრთხე არსებობდა, რომ რუსული ტანკები თბილისში შემოგრიხინებულიყვნენ და როცა სააკაშვილის ხელისუფლების ნახევარზე მეტი აზერბაიჯანის საზღვრებისაკენ ჯორკიდებულებით გარბოდა, პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძემ დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, რუსის ჯარს დახვდით და თქვენივე ძალებით შეეწინააღმდეგეთო!
და კიდევ, 2009 წელს, როცა ოპოზიცია თბილისში „საკნების აქციას" მართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე უშიშროების შენობის აივნიდან მშვიდობიან მომიტინგეებს ე.წ. კისტის თოფიდან ესროდა და თავზე წყლით სავსე პარკებს ამხობდა.
სანოძის ეს უგვანი და უღირსი საქციელი დავით ბაქრაძემ კიდევ უფრო უგვანი და უღირსი კომენტარით „გაამართლა" - მერე რა მოხდა სანოძე, უბრალოდ, ერთობოდაო.
აი, ასეთი პოლიტიკური არარაობა გვევლინება „განახლებული ნაცმოძრაობის" საარჩევნო სიის პირველ ნომრად და სააკაშვილის მთავარ ლეღვის ფოთლად.
„განახლებული ნაცმოძრაობის კიდევ ერთი „ახალი სახე" და საარჩევნო სიის მეორე ნომერია ელენე ხოშტარია - ცნობილი „ენჯეოშნიცა", რომელიც ძალიან დიდი ხანია, სააკაშვილის რეჟიმის ლეღვის ფოთლად მუშაობს და ჭეშმარიტი ნაცისათვის დამახასიათებელი უტიფრობით ცდილობს, „ცოცხების პარტიის მიერ 9 წლის განმავლობაში ჩადენილი უბედურებები „გააპრავოს".
მოკლედ, ელენე ხოშტარია ისეთივე „ახალი სახეა", როგორიც, მაგალითად, ელენე თევდორაძე, რომელსაც იმდენი ჭკუა ჰყოფნის, რომ პოლიტიკაში აღარ ჩაერიოს!
ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის მესამე ნომერს რომან გოცირიძეს „ახალი სახე" თუ ჰქვია, მაშინ თამამად შემიძლია ახალი სახე ვუწოდო ცხონებულ ბაბუაჩემს კონდრატე ხუბუას, რომელიც 28 წლის წინათ - 1988 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა!
და უმალ ცხონებული ბაბუაჩემი კონდრატე ხუბუა წამოდგება საფლავიდან, ვიდრე რომან გოცირიძე ნაცმოძრაობას „განაახლებს" და „გადაახალისებს"!
ნაცები ღრმა პოლიტიკურ და მორალურ კრიზისში რომ არ იმყოფებოდნენ, ნამდვილად არ დაარქმევდნენ „ახალ სახეს" რომან გოცირიძეს, რომლის სახელსაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და ბნელით მოცული მოვლენა - კუპონიზაცია!
ერთი სიტყვით, „ალ-კუპონედ" წოდებული რომან გოცირიძის „ახალ სახედ" მონათვლა და საარჩევნო სიაში შეყვანა პირდაპირ მოწმობს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა ბოლომდე გაკოტრებულია და მისი პოლიტიკური ფასი კუპონიც აღარ არის!
ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ათეულის წევრია ყოფილი სახალხო დამცველი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი გიორგი ტუღუშიც, რომელსაც არაერთი ყოფილი პატიმარი, არასამთავრობო ორგანიზაცია და უფლებადამცველი ადანაშაულებს იმაში, რომ ციხეში პატიმართა წამების ფაქტებს საგანგებოდ ჩქმალავდა და განწირულ მსჯავრდებულებს, რომლებიც მას, როგორც ომბუდსმენს, საშველად მიმართავდნენ, ხელისუფლებასთან და ციხის ადმინისტრაციასთან აბეზღებდა.
დიახ, გიორგი ტუღუში სააკაშვილის რეჟიმის ჩვეულებრივი ლეღვის ფოთოლია და როგორც მინიმუმ, პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ საშინელი, არაადამიანური დანაშაულების გამო, რომლებსაც სააკაშვილის დროს ქართულ ციხეებში ჰქონდა ადგილი!
ნაციონალებმა „ახალ სახედ" წარმოგვიდგინეს და საარჩევნო სიაში მეექვსე ნომრად ჩაწერეს ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ოთარ კახიძე, რომელმაც თავისი ბოსის საქართველოდან გაქცევის შემდეგ ადვოკატობას მიჰყო ხელი და სხვადასხვა სასამართლო პროცესზე ხან სააკაშვილის ინტერესებს იცავს, ხან - მერაბიშვილის და ხან - ადეიშვილის!
საქართველოს 9-წლიანი უბედურების ერთ-ერთ შემოქმედთან და დანაშაულებრივი სქემების მთავარ მხლართავთან ზურაბ ადეიშვილთან ვისაც თუნდაც ერთი დღე უმუშავია, ის არათუ პოლიტიკას არ უნდა გააკარო, არამედ სპირტიან კოლბაში უნდა ჩაამწყვდიო, რომ საზოგადობა არ დაწამლოს და არ დაავირუსოს!
ოთარ კახიძემ, რომელიც ადეიშვილის უსათვალო ვარიანტია, საარჩევნო სიის პრეზენტაციაზე განაცხადა, ჩვენ ნაცმოძრაობის წინა ვარიანტზე უკეთესი ვარიანტი ვართო!
ამაზე ცნობილი ქართველი პოეტის ვახტანგ ჯავახაძის სტრიქონები გამახსენდა:
ბევრი გადიდგვარიანდა,
მე ვერ გავდიდგვარიანდი,
მე ვარ ჩემი პაპისპაპის
უარესი ვარიანტი.
ნაციონალური მოძრაობა ბაქრაძეებით, ხოშტარიებით, გოცირიძეებითა თუ კახიძეებით ვერ „გადიდგვარიანდება" და ბოკერიების, გაბაშვილების, ბარამიძეებისა და თარგამაძეების „უკეთესი ვარიანტი" ვერაფრით გახდება!
საერთოდ, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის არა „განახლებული", არამედ „განაგლებული" ნაციონალური მოძრაობა!
დიახ, ნამდვილად დიდი „ნაგლობაა" საჭირო, რომ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც საქართველოს ტერიტორიები დააკარგვინა, ახალგაზრდა ბიჭები ქუჩებში დახვრიტა, ქართველი მამაკაცები ციხეებში გააუპატიურა და კიდევ უამრავი დანაშაული ჩაიდინა, თავი „განახლებულ პარტიად" გამოაცხადოს და კვლავ ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია გამოთქვას!
ნაციონალური მოძრაობა რომ დღეს ასე „განაგლებულია", ეს „ქართული ოცნების" ბრალიცაა, რადგან ამ ხელისუფლებამ პოლიტიკური მიცვალებული გააცოცხლა!
თუმცა, ლეღვთახევში შეკრებილი სააკაშვილის ლეღვის ფოთლები საწადელს მაინც ვერ ეწევიან, რადგან ქართველი ხალხი „ახალ" ნაციონალებს საშუალებას არ მისცემს, საქართველო ძველ ჯოჯოხეთში დააბრუნონ!
ჯაბა ხუბუა