„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასპინძაში მოქალაქის გაძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს და 1996 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ფ.ა. ასპინძაში ერთ-ერთ მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ქუჩაში თავს დაესხა. თავდამსხმელმა მოქალაქეს ძალადობის გამოყენებით კუთვნილი მობილური ტელეფონი და ფული გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ფ.ა. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ასპინძაში დააკავა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაძარცვი ტელეფონი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით, ძალადობით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.