როგორც საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე აცხადებს, რეგიონში პირველი ოფიციალური ვიზიტი მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია.
მისივე თქმით, ბაქოში სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველო – აზერბაიჯანის ურთიერთობების გაღრმავებას და გაძლიერებას.
„ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, ისევე, როგორც ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები. საგულისხმოა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, დაგეგმილია ახალი პროექტების განხორციელება და საინვესტიციო პოლიტიკის გაძლიერება. პრეზიდენტი აზერბაიჯანულ მხარესთან ყველა უმნიშვნელოვანეს საკითხზე იმსჯელებს“, – აღნიშნა საქართველოს ელჩმა.
აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან, წარმატებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დიასპორასთან.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე ეწვევა აზერბაიჯანის სხვადასხვა მუნიციპალიტეტს: კახს ზაქათალას და ბელაქანს, სადაც ეთნიკური ქართველი აზერბაიჯანის მოქალაქეები ცხოვრობენ.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში 28 თებერვალს დასრულდება.