ავტორი ანასტასია იოსელიანი
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე, ქართველი კლასიკოსის გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები „სამოსელი პირველი" დაიდგმება!
ეს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამაა, რომელიც 180 მონაწილეს აერთიანებს. სპექტაკლში იქნებიან დრამის მსახიობები, ოპერის მომღერლები, საბალეტო დასი, სიმფონიური ორკესტრი, სახვითი ხელოვნება...
სპექტაკლ „სამოსელი პირველის" ერთ-ერთი მონაწილე, მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია, პროექტის გენერალურ მედიამხარდამჭერს - „რეპორტიორს" ესაუბრა:
„საინტერესოა თვითონ ფორმა, რაც კეთდება და რაზეც კეთდება „სამოსელი პირველი".ეს იქნება უზომოდ სინტერესო.მუსიკა, რეჟისურა, სცენები, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ, ძალიან კარგია.მაყურებელი რომელიც ამ სპექტაკლზე მოვა, ტაშს ზრდილობის გამო არ დაუკრავს და ამ სპექტაკლზე მოსვლით მიიღებს სიამოვნებას.
ეს არ იქნება ჩვეულებრივი სპექტაკლი, ამ სპექტაკლით მაყურებელს ძალიან დიდი ემოცია გაჰყვება და ეს ემოცია არ დამთავრდება ტაშის მერე. მე მიყვარს ისეთი სპექტაკლები, რომლის ნახვის შემდეგაც ძალიან ბევრს ვფიქრობ და ეს იქნება ზუსტად ასეთი.
როცა ოპერის სცენაზე თამაშობს ამდენი მსახიობი, ოპერის მომღერალი და კეთდება გრანდიოზული პროექტი, ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი ახალი სიტყვა, ახალი ხილი იქნება თეატრის ისტორიაში. მინდა, მადლობა გადავუხადო რეჟისორს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს, ვინც ამ პროექტს აკეთებს"- აღნიშნა მსახიობმა.
შეგახსენებთ, რომ სპექტაკლის პრემიერა გაიმართება 31 მაისსა და 1 ივნისს.