„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გასულ კვირას საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით, ხოლო გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, საფრანგეთში ყველა შეხვედრაზე ხაზი გაესვა საფრანგეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის საკითხს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონთან ერთად ხელი მოაწერა თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას და შესაბამისად, ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ასევე, კულტურისა და განათლების სფეროებში;
„უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებაზე საუბრისას აღინიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ეხმარება საქართველოს საჰაერო უსაფრთხოების გაძლიერებაში და პრეზიდენტების შეხვედრაზე საქართველომ პირობაც მიიღო, რომ საჭირო აღჭურვილობით შეძენისათვის, თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონი საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ამბიცია, საფრანგეთი საქართველოს უდიდესი ეკონომიკური პარტნიორიც გახდეს.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს ეკონომიკური დელეგაციის თანხლებით ეწვევა და საფრანგეთში მოქმედი კომპანიები საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალს გაიცნობენ.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში პირველ ოფიციალურ ვიზიტზეც ისაუბრა.
„თანადგომა, მხარდაჭერა და მეგობრობა – ასე შეიძლება შეფასდეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, რომელიც ასეა დღეს, ასეთი იყო საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის პერიოდშიც და ასე იქნება მომავალშიც, ასე შეაფასა ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტმა. აღინიშნა, რომ საქართველოსათვის ძალიან საჭიროა გერმანიის მეგობრობა, რადგან საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს არაღიარების იმ პოლიტიკას, რომელშიც, ასევე მონაწილეობს გერმანია, როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და ვიმედოვნებთ, ამ საკითხების დაძვრა შესაძლებელი გახდება ახალ და უფრო მაღალ პოლიტიკურ ფორმატში.
საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ გერმანია დაეხმარება საქართველოს შევიდეს ევროპაში, ყველა იმ გზით, მათ შორის კულტურის, განათლების, ეკონომიკური თანამშრომლობის და სხვა, ანუ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო მიმართულება იმ დღემდე, სანამ საქართველო ევროკავშირში პოლიტიკურად და სამართლებრივად გაწევრიანდება“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.