დიდი ინგლისელი მწერლის ბიოგრაფებმა დიკენსის მიერ დაწერილი წერილი აღმოაჩინეს. „Daily Mail“-ის ინფორმაციით, 160 წლის წინ ექიმისთვის მიწერილ წერილში, სახელგანთქმული ავტორი კეტრინ დიკენსთან ქორწინებას ნანობს და მას მეუღლისთვის სიგიჟის დიაგნოზის დასმას სთხოვს.
დიკენსის ცოლი სრულიად ჯანმრთელი იყო, ამიტომაც ექიმმა მსგავსი წინადადების შესრულებაზე უარი განაცხადა. როგორც ბრიტანელი ლიტერატორები აცხადებენ, დიდი მწერლის ინიციატივა მის ცხოვრებაში არსებულ სხვა ქალბატონს უკავშირდებოდა. „დევიდ კოპერფილდისა“ და „საშობაო ზღაპრის“ ავტორი, წერილებში არაერთხელ ამბობს, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვედრის სურვილი მის მეუღლეს ფსიქიკური აშლილობის პირობებში თავად გაუჩნდა, თუმცა ისტორიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ჩარლზ დიკენსი მსგავს ისტორიებს თვითონ თხზავდა.