„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 250 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 12 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.