პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, თუმცა არ გამორიცხა, რომ აღნიშნული გადასახადი კიდევ უფრო გაიზარდოს.
მისივე განმარტებით, პარკირებაზე საათობრივი გადასახადის სისტემა 1 ივლისიდან, ლესელიძის ქუჩით დაიწყება.
„ამ თემაზე საკრებულოში შეხვედრა გვექნება მიმდინარე კვირას. საკრებულოს ტრანსპორტის კომისია ან თავმჯდომარე ჩაატარებს თათბირს. მაქვს სურვილი, რომ ამას დაესწრონ სპეციალისტები და ერთად შევჯერდეთ, რა საფეხურებით წავიდეთ ზონალური პარკირების საფასურთან დაკავშირებით. ჩემი იდეაა, რომ მინიმალური საფასური დავიწყოთ 50 თეთრიდან, მაგრამ არ არსებობს უნიკალური ტარიფი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში მუშაობს. ერთი ტარიფი მთელ თბილისშიც ვერ იმუშავებს, ყველა ქუჩას თავისი სპეციფიკა აქვს, ყველგან სხვადასხვა მოთხოვნაა, ამიტომ უნდა დავადგინოთ მინიმალური ტარიფი და მოხდეს პროცესში დაკვირვება. თუ ამან შედეგი არ მოგვცა, საფასური უნდა გავზარდოთ. აღებული გვაქვს ერთი არეალი - ლესელიძე, თავისი მიმდებარე ქუჩებით. თუ 50-მა თეთრმა მოგვცა შედეგი, მაშინ დავტოვებთ, მაგრამ ამ სისტემის მიზანი არ არის ფულის მოკრება, ამის მიზანია, მანქანების მოხმარება შევამციროთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ამასთან, თბილისის ვიცე-მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანია „მძღოლმა მანქანა სახლთან დატოვოს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდეს“.
„ვერ ვიქნები მართალი მოსახლეობასთან, რომ ამ ინსტრუმენტით ვაიძულო, მოიხმარონ ის ტრანსპორტი, რომელიც დღეს ქალაქში დადის. საათობრივი საფასურის სისტემა უნდა შემოვიდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლების პარალელურად. აქაც მინიმალური საფასური 50 თეთრი უნდა იყოს და დავაკვირდეთ შედეგს. შედეგად ითვლება საპარკინგე სივრცეზე 15 პროცენტი მუდმივად თავისუფალი ადგილი. მოთხოვნა საპარკინგე ადგილზე უნდა დავაბალანსოთ ისე, რომ შევსებული და თავისუფალი სივრცე 85/15 პროცენტზე უნდა იყოს“, - განაცხადა ხმალაძემ.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე თვის წინ თბილისის მერიაში აცხადებდნენ, რომ პარკირებაზე საათობრივი გადასახადი შესაძლოა, 20 თეთრიდან დაწყებულიყო, თუმცა საზოგადოების ნაწილმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საფასური ვერ უზრუნველყოფდა ქალაქში გადატვირთულობის პრობლემის დარეგულირებას.