logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: ყველა სფეროში ჩვენს თანამშრომლობას დიდი პერსპექტივები აქვს
- +

27 თებერვალი. 2019. 13:28

 

 

„დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და აზერბაიჯანს კარგი მომავალი აქვთ, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი ოფიციალური ვიზიტი ჩვენი ურთიერთობებისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

 

როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ.

 

„ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ 90-იანი წლების ბოლოდან ბაქო-სუფსის აშენება იყო დიდი მოვლენა და შესაძლებლობა მოგვცა, რომ კასპიისა და შავი ზღვა დაგვეკავშირებინა ერთმანეთთან. ამის შემდეგ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი აშენდა, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი. ეს ყველაფერი ერთობლივი ძალისხმევით საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა განახორციელეს, დღეს ეს პროექტები აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას. ამ მარშრუტით დღეს სამხრეთ გაზის კორიდორი წარმატებით რეალიზდება, ეს რეგიონში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია, რითაც უზრუნველყოფილი იქნება გაზის ტრანსპორტირება. ეს პროექტები ჩვენი ქვეყნებისთვის, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტებია, ემსახურება თანამშრომლობის გაღრმავებას, თუ პროექტების დაწყების დროს სამი ქვეყანა თანამშრომლობდა, ამჟამად შემოგვიერთდნენ სხვა პარტნიორები“, – განაცხადა ალიევმა.

 

მისივე თქმით, აზერბაიჯანი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას დიდი ყურადღებას აქცევს და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ამ საკითხზეც ისაუბრეს.

 

„ამ პროექტებს მოაქვთ დიდი სარგებელი ჩვენი ქვეყნებისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით იზრდება ტვირთების გადაზიდვა, პირველ ეტაპზე ვართ, მაგრამ ვხედავთ მის სარგებელს. ჩვენ ვართ სწორ გზაზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შემდეგ აზერბაიჯანი თავის მეზობლებთან კასპიის აღმოსავლეთში მდებარე ქვეყნებთან მიაღწია შეთანხმებებს, რის შემდეგაც ტვირთბრუნვა უფრო გაიზრდება. სამხრეთ გაზის კორიდორის რეალიზება თითქმის სრულდება, მოხდა მისი ოფიციალური გახსნა. ეს ახალი კორიდორი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ კონტინენტები გაერთიანდნენ. აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ტრადიციული მეგობრული ფორმატით გააგრძელებენ თავის საქმიანობას. დღეს ყველა საკითხებზე გვქონდა აზრთა გაცვლა, მათ შორის ჰუმანიტარულ სფეროში, კულტურულ, განათლების, ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობაზე გვქონდა აზრთა გაცვლა. აზერბაიჯანში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები დიდი როლს თამაშობენ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში“, – განაცხადა ალიევმა.

 

მისივე თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური ქვეყნებია და ამ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებს თავს გრძნობენ კომფორტულად, რაც ორი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

 

„მოხარული ვარ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი შეხვდება ეთნიკურ ქართველებს, ეს რა თქმა უნდა, მათთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ გაეცნობით რეგიონს და კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. ყველა სფეროში ჩვენს თანამშრომლობას დიდი პერსპექტივები აქვს. საქართველო და აზერბაიჯანი ამის შემდეგაც მხარს დაუჭერენ ერთმანეთს, ამის შემდეგაც ახალი პროექტების თაობაზე ვიფიქრებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სახელმწიფოებს კარგი მომავალი აქვთ და დღევანდელი ოფიციალური ვიზიტი ჩვენი ურთიერთობებისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner