წალენჯიხაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად კრებები სოფელ ფახულანში, წყოუშში, ქალაღალში, ჭალეში, ეწერფერდში, ოლორში, ნაშამგუსა და მუაჟავაში ჩატარდა. სოფლებში ჩატარებულ კრებებს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია და წალენჯიხის მერის მოადგილე გიორგი ლუკავა დაესწრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
მოსახლეობის უმეტესობამ ფახულანში სოფლის ცენტრის კეთილმოწყობას, საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენას, ჭაბურღილის მოწყობას და თერმული აპარატის შესყიდვას დაუჭირა მხარი.
წყოუშის მოსახლეობის უმეტესობამ საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას, გარე განათების მოწყობას და წისქვილის აღდგენას მისცა ხმა.
სოფელ ქალაღალში გამართულ საერთო კრებაზე კი მოსახლეობამ წისქვილის რეაბილიტაციას, შიდა გზების მოწესრიგებას და თერმული აპარატის შეძენას მისცა ხმა.
ჭალეში შეკრებილმა მოქალაქეებმა კი ხმათა უმრავლესობით, სასმელი წყლის მილების შეძენა, საშონიოს უბანში გარეგანათების მოწყობა, საბავშვო ბაღის შემოღობვა, სანიაღვრე არხების ამოწმენდა და შიდა გზის მოწესრიგება აირჩია.
ეწერფერდში გამართულ საერთო კრებაზე რამდენიმე საჭიროება გამოიკვეთა, თუმცა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა სხვადასხვა უბნებში მოგვარდეს: გარე განათების, სანიაღვრე არხების და სასმელი წყლის პრობლემები.
შეკრებილი მოსახლეობის უმეტესობამ სოფელ ოლორში, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობას და შიდა გზის რეაბილიტაციას დაუჭირა მხარი.
ნაშამგუში კი მოქალაქეებმა წყლის მილების და წისქვილის ძრავის შეძენას მიანიჭეს პრიორიტეტი.
სოფელ მუჟავაში გამართულ საერთო კრებაზე მოსახლეობამ მოსაცდელის მშენებლობის და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტებს დაუჭირა მხარი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.