„საქართველოს ხელისუფლება პოლონეთთან ერთობლივ საპარლამენტო ასამბლეას განიხილავს, როგორც კიდევ ერთ ხიდს დასავლეთისაკენ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვარშავაში, საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველ პლენარულ სესიაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და ქართველ და პოლონელ ხალხს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა.
„ნება მომეცით, დღევანდელი მოვლენა საქართველოსა და პოლონეთის ისტორიის ფონზე განვაზოგადო: თავისუფლებისადმი ჭეშმარიტი მისწრაფება იმდენად ძლიერია, რომ მისთვის საუკუნეც კი არაფერს ნიშნავს. მართლაც, წელს სრულდება 100 წელიწადი საქართველოსა და პოლონეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებიდან. გასული საუკუნის განმავლობაში ჩვენმა ერებმა ბევრი სირთულე გამოიარეს, მაგრამ დღეს სიამაყით ვხვდებით ჩვენი პარლამენტების საერთო ძალისხმევის ძალიან მნიშვნელოვან შედეგს - საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გახსნას.
მსოფლიოში იშვიათია ორი ერი, რომელთა ისტორია ბოლო საუკუნეების განმავლობაში ესოდენ გავდეს ერთმანეთს. ასევე იშვიათია, რომ ორი ერის წარმომადგენლები, გეოგრაფიული სიშორის მიუხედავად, ესოდენ დიდი სიმპათიით იყვნენ განწყობილნი ერთმანეთის მიმართ.
ქართველი და პოლონელი ხალხების ურთიერთობა უკვე საუკუნეებს ითვლის და გულითადი ურთიერთპატივისცემითა და ჭეშმარიტი მეგობრობით გამოირჩევა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის პატივია, რომ მონაწილეობას იღებს მეგობრობის ინსტიტუციური გამოხატულების - საერთო საპარლამენტო ასამბლეის გახსნაში. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა ორივე ქვეყნისთვის.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს შეახსენა, რომ 2 კვირაში, საქართველო პარლამენტარიზმის 100 წლისთავს აღნიშნავს და ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ამ თარიღს განსაკუთრებულად ხვდება, რადგან, მისივე თქმით, ქართული პარლამენტარიზმი საქართველოს ევროპული მისწრაფებების მკაფიო გამოხატულებაა.
„შარშან აღვნიშნეთ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. ორიოდე კვირაში საქართველო აღნიშნავს პირველი პარლამენტის - დამფუძნებელი კრების - მოწვევის საუკუნოვან იუბილეს. ჩვენი პარლამენტი ამ თარიღს განსაკუთრებულად ხვდება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქართული პარლამენტარიზმი საქართველოს ევროპული მისწრაფებების მკაფიო გამოხატულება და ჩვენი ხალხის დემოკრატიული სულისკვეთების სიმბოლოა.
საქართველოს პარლამენტი ბოლო ათწლეულებში იყო და რჩება ქართული დემოკრატიის აკვნად და მომავალშიც ამ ტრადიციის ერთგული იქნება“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი შეფასებით, თავისუფლება და დემოკრატია ქართველი და პოლონელი ხალხის მომავლის საფუძველია. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი სირთულეების მიუხედავად, ჩვენი ხალხების თავისუფლება ხელშეუხებელი იქნება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება საპარლამენტო ასამბლეას განიხილავს როგორც კიდევ ერთ ხიდს დასავლეთისკენ.
„თავისუფლება და დემოკრატია არის ჩვენი ისტორიისა და დღევანდელობის, ქართველი და პოლონელი ხალხების მომავლის საფუძველი. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ეს მონაპოვარი. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სიძნელის მიუხედავად, ჩვენი ხალხების თავისუფლება ხელშეუხებელი იქნება.
საქართველოს ხელისუფლება პოლონეთთან ერთობლივ საპარლამენტო ასამბლეას განიხილავს, როგორც კიდევ ერთ ხიდს დასავლეთისაკენ. ასევე, ჩვენთვის საპარლამენტო ასამბლეა ქართველი და პოლონელი ხალხების მეგობრობის განმტკიცების კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალ მარეკ კუხჩინსკის და სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მისი შეფასებით, პოლონელმა კოლეგებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნების ისტორიული კავშირის ახალი რგოლის შექმნაში.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ასამბლეის მომდევნო სხდომის საქართველოში მასპინძლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.
„მსურს ვისარგებლო შემთხვევით და პოლონეთის ხელისუფლებას, პოლონელ ხალხს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს გვერდში დგომისათვის, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის.
მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ ასამბლეის მომდევნო სხდომას საქართველოში ვუმასპინძლოთ და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი საპარლამენტო ერთობა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დამსწრეებს მიმართეს სეიმისა და სენატის თავმჯდომარეებმა.
საინაუგურაციო პლენარული სესიის გახსნამდე, ირაკლი კობახიძემ, მარეკ კუხჩინსკიმ და სტანისლავ კარჩევსკიმ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, სიმბოლურია ასამბლეის პირველი პლენარული სესიის გამართვის თარიღი, რადგან მიმდინარე წელს აღინიშნება პოლონური სეიმის დაფუძნების, პირველი ქართული დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის შეკრებისა და საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 100 წლისთავი.
საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის შექმნას საფუძველი 2017 წელს, სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებით ჩაეყარა.
„საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის აპრილში დაუჭირა მხარი და იგი მიღებისთანავე ამოქმედდა.
საპარლამენტო ასამბლეის წესდებას ირაკლი კობახიძემ და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა ხელი თბილისში, გასული წლის ნოემბერში მოაწერეს. ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ხელმძღვანელობს.
ასამბლეის პირველი პლენარული სესიის მუშაობაში ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი და დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, გელა სამხარაული, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ლომია იღებენ.