logo_geo
eng_logo
„თიბისი ბანკმა“ შპს „სამგორი თრეიდი" და „სამგორი M“ საერთოდ გაათავისუფლა ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან“
- +

28 თებერვალი. 2019. 15:09

 

 

მთავარმა პროკურატურამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები გააცნო.

 

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2012 წელს, „თიბისი ბანკმა“ საერთოდ გაათავისუფლა აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, რაც განხორციელდა შემდეგნაირად:

 

„თიბისი ბანკმა“ ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები, ყოველგვარი სასესხო უზრუნველყოფის გარეშე, ჩაანაცვლა ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა.

 

ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აღნიშნულმა კომპანიამ, ნაცვლად „სამგორი M“-ისა და „სამგორი თრეიდისა“, აიღო „თიბისი ბანკისთვის“ 17 მილიონის ოდენობის სესხის დაბრუნების ვალდებულება და თავის მხრივ წარმოეშვა ხაზარაძე-ჯაფარიძისგან თანხის მოთხოვნის უფლება.

 

ამის პარალელურად „თიბისი ბანკმა“, გარკვეული პერიოდულობით, იპოთეკისგან გამოათავისუფლა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონებები.

 

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ოფშორული კომპანიის მინდობილ პირს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქე პ.ღ., რომელიც „სამგორი M“-ზე და „სამგორი თრეიდზე“ სესხების გაცემისას იყო „თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას იკავებდა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას.

 

 

ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ხსენებულ კომპანიებსა და ოფშორულ კომპანიას შორის ჩართულ შუამავალ კომპანიასთან მომსახურების გაწევაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2012 წლის 28 სექტემბერს.

 

ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M“-ს სესხები ისე ჩამოეწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გადაუხდიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია.

 

გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M“-ის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულება", - აცხადებენ უწყებაში.

 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა, ასევე დამატებითი დოკუმენტაციის მოპოვება და შესწავლა.

 

საქმესთან დაკავშირებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის გამოძიების შესახებ ინფორმაციას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner