logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: თქვენს შავ და თეთრ მილიონებს გაფიცებთ, ბატონო მამუკა!
- +

28 თებერვალი. 2019. 17:06

 

 

თქვენს შავ და თეთრ მილიონებს გაფიცებთ, ბატონო მამუკა,

ვინ დაგიწერათ თქვენ ეს მზაკვრული და ფარისევლური სცენარი

და ვინ გირჩიათ, პოლიტიკურს მიაწექი, პოლიტიკურს,

თორემ შენი საქმე დამთავრებულიაო?!.

 

***

მამუკა ხაზარაძის მისამართით როგორც კი პირველი საგანგაშო რეპლიკა გაისმა ეროვნული ბანკისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ხაზარაძეს მისმა კეთილისმყოფელებმა, მისმა საიდუმლო მეგობრებმა და იატაკქვეშა მრჩეველებმა, ხმამაღლა მოუწოდეს, არ გაჩუმებულიყო და საზოგადოების სააშკარაოზე გამოეტანა ყველა ის საკითხი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო „თიბისი ბანკთან“ და პირადად მასთან ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირების მიზეზი.

ოპოზიციური პარტიების, მედიის, განსაკუთრებით, „რუსთავი 2“-ისა და მისი თავკაცის ნიკა გვარამიას დაჟინებული შეგონებისა და წაქეზების მიუხედავად, ხაზარაძე კარგა ხანს დუმდა, მაგრამ ბოლოს მაინც გატყდა და ხმა ამოიღო, მაგრამ ვაი ამ ხმის ამოღებას - ხაზარაძემ მისი „დევნის“ მიზეზად ისეთი სულელური არგუმენტები დაასახელა, რომ ჯობდა, ჩუმად ყოფილიყო და ჩუმად დალოდებოდა პროცესების განვითარებას.

 

ხაზარაძის მტკიცებით, ფულის გათეთრების (17 მილიონის) ისტორია არც არსებობს, არც მას და არც ჯაფარიძეს არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენიათ, სინამდვილეში ყველაფერი ანაკლიის პორტის მშენებლობის თემას უკავშირდება, რომლის აშენების კატეგორიული მოწინააღმდეგე ყოფილა თურმე რუსეთი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ საუკუნის პროექტს როგორმე მამუკა ხაზარაძე ჩამოაშოროს და პორტის მშენებლობა გაჩერდეს.

 

ნახეთ, რა ხდება - ხაზარაძის მიერ წარმოდგენილი ვერსიით, ფინანსურ მაქინაციებში ეჭვმიტანილი ბანკირი ხაზარაძე, ბანკირობიდან უცებ პოლიტიკურ ფიგურად იქცა, რომელსაც ოკუპანტი რუსეთი უპირისპირდება და ამ პატრიოტ კაცს საშუალებას არ აძლევს, მის სამშობლოს ღრმაწყლოვანი პორტი აუშენოს.

 

ხაზარაძე კი არა, მამუკა თავდადებული ან მამუკა არსუკიძე უნდა ერქვას ამ კაცს…

 

როგორ მალავდა, როგორ არ ამბობდა ხმამაღლა, თუ რა ცეცხლი და გეენა უტრიალებდა გულში ოკუპანტი ქვეყნისგან დევნილს და შევიწროებულს, რა არნახულ ზეწოლას უძლებდა ჩუმად და უდრტვინველად, რა სასტიკ ძალებს უსწორდებოდა მარტოდმარტო, რომ პორტის მშენებლობა გადაერჩინა, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა.

 

შეხედეთ, რა სურათი იხატება - ფინანსისტი, ბანკირი და მშენებელი მამუკა ხაზარაძე, სინამდვილეში, თურმე პოლიტიკური ფიგურა, პოლიტიკოსი ყოფილა, რომელსაც ოკუპანტ რუსეთთან აქამდე გასაიდუმლოებული სამკვდრო-სასიცოცხლო ომი ჰქონია. ამ ახლად გამომცხვარ პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოს ხაზარაძეს კი რუსეთი ბიძინა ივანიშვილის ხელით უპირებს თურმე განადგურებას.

 

ფრონტის ხაზი გავლებულია - აქეთ ოკუპანტთან მებრძოლი პროდასავლური ორიენტაციის გმირი ხაზარაძე - იქით ოკუპანტთან საიდუმლო კავშირით შეკრული „მოღალატე“ ივანიშვილი.

 

თქვენს შავ და თეთრ მილიონებს გაფიცებთ, ბატონო მამუკა, ვინ დაგიწერათ თქვენ ეს მზაკვრული და ფარისევლური სცენარი და ვინ გირჩიათ, პოლიტიკურს მიაწექი, პოლიტიკურს, თორემ შენი საქმე დამთავრებულიაო?!.

 

ამ თქვენს განცხადებას რომ ვკითხულობ, „ნაცმოძრაობის“ და „რუსთავი 2“-ის სუნი მცემს რაღაც და ხომ არ მეშლება, ბატონო ხაზარაძევ?

 

წარმომიდგენია, რა სკანდალურ გადაცემებს გამოაცხობს დემაგოგი გვარამია წინასწარ დაგეგმილი და პროვოცირებული ამ ბატალიების ფონზე…

 

რა აზრი აქვს ასეთ ტყუილს, დღეს რომ იტყვი და ხვალ რომ საპნის ბუშტივით გასკდება?

 

ხაზარაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ისეთი ტყუილი თქვა, მთელმა ქვეყანამ რომ იცის - ტყუილია.

 

ის, რის გადაბრალებასაც ხაზარაძე ახლა რუსეთისთვის ცდილობს, თავიდან ბოლომდე მამუკა ხაზარაძის და კიდევ ორი კაცის - გიორგი კვირიკაშვილის და დიმიტრი ქუმსიშვილის მაქინაციების შედეგია.

 

მოვუსმინოთ კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ პრეზიდენტს ბატონ თეიმურაზ ქარჩავას.

 

– ის, რომ, „ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“ ანაკლიაში პორტის ამშენებლები არ იყვნენ, ჩემთვის, მათი ტენდერში გამოჩენისთანავე იყო ცნობილი!

 

აი, ასეთი უპასუხისმგებლო მონაწილე გამოაცხადეს ტენდერში გამარჯვებულად (სინამდვილეში „ანაკლია პორტის“ ტენდერს გამარჯვებული არ ჰყოლია, რადგან, როგორც ზემოთ ვახსენე, ჩვენი კონსორციუმი, ქვეყნის მთავრობისგან სატენდერო პირობებზე უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხების მოლოდინში თამაშგარედ დატოვეს).

 

როცა ისინი, ჩემი კონსორციუმის წევრებს მიადგნენ ფულის სამათხოვროდ, მაშინ მივხვდი, რა დონის ავანტიურისტებთან გვქონდა საქმე.

 

– ყურადღება მიაქციეთ, რა მოთხოვნებს უყენებდა ქვეყნის მთავრობა ტენდერში გამარჯვებულს და როგორ შესრულდა იგი:

 

„ანაკლია პორტის“ ტენდერის პირობებით, გამარჯვებულს ხელმოწერის თარიღიდან არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა, გამარჯვებულმა ეკონომიკის სამინისტროს მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით უნდა გადაიხადოს აუნაზღაურებადი ხელმოწერის ბონუსი 3 000 000 (სამი მილიონი დოლარის) აშშ დოლარის ოდენობით“.

 

ამის გარდა ტენდერში გამარჯვებულს მზადყოფნაში უნდა ჰქონოდა – „წინასამშენებლო გარანტია ერთი წლის ვადით 20 მილიონის ოდენობით. პერფორმანს გარანტია 20 მილიონის ოდენობით ყოველი გაფართოების ფაზისათვის. დამატებითი პერფორმანს გარანტია 40 მილიონის ოდენობით, რომელიც მთელ საინვესტიციო პერიოდზე ვრცელდება“.

 

ტენდერში „გამარჯვებულ“ „კონტი-ჯგუფს“, იგივე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, არცერთი ეს პირობა არ ჰქონდა შესრულებული, ისე გამოაცხადეს გამარჯვებულად.

 

ვიდრე „ანაკლია პორტის“ მშენებლობის ახალ შესაძლებლობაზე ჩამოვაგდებდეთ სიტყვას, უნდა შეიქმნას სამთავრობო კომისია, სადაც მიუკერძოებელი უცხოელი აუდიტი ჩაერთვება. დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი, როგორ მოხდა უფულო კონსორციუმის ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადება, რა გაკეთდა 2016 წლის 5 თებერვლიდან დღემდე, ვისი და რა ოდენობის თანხები დაიხარჯა ანაკლიაში ჩატარებულ სამუშაოებზე, მოსახლეობის გასახლებისთვის გადახდილი კომპენსაციის ჩათვლით!

 

ხომ არ ავიწყდება მთავრობას, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩემი კომპანიისთვის უკანონოდ ჩამორთმეული პორტის ასაშენებელი მიწების საკითხი, დღემდე სასამართლო პროცესებს რომ ელოდება?

 

აქამდე ვიმედოვნებდი საქმე დაიძვრებოდა, მაგრამ, დღეს, როცა ყველაფერი გამოაშკარავდა და ცხადია, ესენი ანაკლიაში პორტის ამშენებლები არ არიან, მივმართავ პროკურატურას და სასამართლოს, დაუყოვნებლივ განიხილონ ჩემი კომპანიისთვის უკანონოდ ჩამორთმეული 2100 ჰექტარი მიწის ფართობის საკითხი!“

 

***

ხედავთ, რაში ყოფილა საქმე, პატივცემულო მკითხველო?

 

რა ჰქვია ამას, რაც ამ შესანიშნავმა სამეულმა ჩაიდინა, თუ არა აფერისტობა და თაღლითობა?

 

ხაზარაძე ახლა რუსეთისთვის გადაბრალებით ცდილობს გამოძვრეს იმ საგანგაშო სიტუაციიდან, რაც „ანაკლია პორტის“ მშენებლობასთან დაკავშირებით სწორედ მისი და მისი ამფსონების მაქინაციების შედეგად შეიქმნა.

 

გარწმუნებთ, არ გამოუვათ ხაზარაძეს, კვირიკაშვილს და ქუმსიშვილს საუკუნის პროექტის გარშემო დატრიალებული ეს საუკუნის აფიორა.

 

ხაზარაძისთვის ეს პირველი აფიორა არ არის.

 

როგორც ამბობენ, აფიორა და მაქინაციები მისი ცხოვრების სტილია და თავისი საბანკო და საფინანსო მოღვაწეობის მანძილზე მას არაერთხელ გადაუხვევია კანონისა და სამართალისთვის.

 

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ახლო ხანებში იმდენი მომჩივანი გაუჩნდება ხაზარაძეს, იმდენი მის მიერ დაჩაგრული ადამიანი გამოჩნდება, გაგიკვირდებათ, აქამდე რატომ არ მიაკითხა სამართალმა ამ ზნემრუდე კაცს?

 

- აქამდე „თიბისი ბანკი“ იდგა ქართველი ხალხის გვერდით, ახლა დროა, ქართველი ხალხი დადგეს „თიბისი ბანკის“ გვერდით, - განაცხადა აწ უკვე პოლიტიკაში შემოჭრილმა ხაზარაძემ.

 

უყურე შენ, ქართველ ხალს „თიბისი ბანკის“ ვალი ჰქონია თურმე, ახლა კი ამ ვალის გადახდის დრო დამდგარა.

 

ვერ გეტყვით, რას უწოდებს ბატონი მამუკა „თიბისი ბანკის“ მხრიდან ქართველი ხალხის გვერდით დგომას.

 

იმას ხომ არა, „უბორნიის პოეტებს“ და ლიტერატურულ ჩუკენობაში დაოსტატებულ პლაგიატებს პრემიებს რომ ურიგებდა?

 

თუ ვინმეს აქვს თქვენი ვალი, აი, მაგათ აქვთ და მოსთხოვეთ, უკან დაგიბრუნონ, ქართველ ხალხს კი თქვენს აფერისტობებსა და მაქინაციებში ნუ გარევთ!

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner