დღეიდან მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ეტიკეტის საშუალებით ინფორმაციის მიწოდება ახალი წესებით დარეგულირდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგულაციის მიზანია, მომხმარებელს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს გაყიდვაში არსებული სურსათის შესახებ და ამით მათი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვას შეუწყოს ხელი.
ახალი რეგულაციის თანახმად, ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი იზრდება. მათ შორის, სავალდებულოა, ეტიკეტზე განთავსდეს ინფორმაცია სურსათის უვნებელ მოხმარებასთან დაკავშირებით, რადგან გარკვეულ შემთხვევებში, სურსათის შემადგენლობა შესაძლებელია, საზიანო იყოს მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფებისთვის. სააგენტო განმარტავს, რომ ეტიკეტზე ასევე, განთავსებული იქნება ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, რომელიც მომხმარებელს, მათ შორის განსაკუთრებული კვებითი საჭიროების მქონე მომხმარებელს, ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.
ახალი რეგულაციით განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა (ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები) და ადგილი (თვალსაჩინო).