„საქართველო დღეს არის ბევრად დამოუკიდებელი, ძლიერი და განვითარებული, ვიდრე ისურვებდა ის მეზობელი, რომელიც ზოგჯერ ეჭვით გვიყურებს და ზოგჯერ მუქარებით გველაპარაკება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კახის რაიონში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ჩრდილოელი მეზობლისგან ხშირია მუქარის შემთხვევები. მისი თქმით, არის მცდელობა, ოკუპირებული ტერიტორიები გამოყენებული იყოს საქართველოს დასასუსტებლად, თუმცა ზურაბიშვილის შეფასებით, ეს მცდელობა წარუმატებელია.
„დღეს და გუშინ კიდევ იყო რაღაც მუქარები ჩვენ მიმართ ჩვენი მეზობლისგან, ჩრდილოეთიდან. ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ვცხოვრობთ – ზეწოლა, მცდელობა, გველაპარაკონ მუქარით. ეს გრძელდება და არის მცდელობა, ოკუპირებული ტერიტორიები გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ შესუსტდეს საქართველო, რეალურად, ეს მცდელობა წარუმატებელია. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო დღეს არის ბევრად დამოუკიდებელი, ძლიერი და განვითარებული, ვიდრე ისურვებდა ის მეზობელი, რომელიც ზოგჯერ ეჭვით გვიყურებს და ზოგჯერ მუქარებით გველაპარაკება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ კახინგილოს საშუალო სკოლას ესტუმრა და წმინდა გიორგი ეკლესია მოინახულა.