თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში შესატანი ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს, რომელიც დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სს(ი)პ არქიტექტურის სამსახურის უფროსმა წარუდგინა.
დიმიტრი მოსულიშვილმა წესში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტის თანახმად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გადამეტებასთან დაკავშირებით დროებითი შეზღუდვა დაწესდება.
წარმოდგენილი ცვლილებებით თბილისის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გადამეტება აღარ მოხდება, ასევე იზღუდება განაშენიანება გამწვანებულ ტერიტორიებზე, რაც მეტი საჯარო სივრცეების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული, გარდამავალი პერიოდის ღონისძიებაა, იმ საბოლოო პოლიტიკის შემუშავებამდე, რომელსაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე გუნდი შეასრულებს.
რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნულ პროექტში საკრებულოს შესაბამისი კომისიების მიერ შეტანილი დამატებითი ცვლილებები დეტალურად წარმოადგინა. რის შემდეგაც საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს.
დღესვე დეპუტატებმა თანხმობა მისცეს სამგორის რაიონის გამგებლად გიორგი ბაგრატიონის დანიშვნის საკითხს. გამგებლის კანდიდატი საკრებულოს წევრებს მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა წარუდგინა, რის შემდეგაც გიორგი ბაგრატიონმა მის სამომავლო გეგმებზე და რაიონში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.
გარდა ამისა, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამებში შესატანი ცვლილებებიც განიხილეს და ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ასევე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ იმსჯელეს.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირსა და აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული უსახელო სკვერისთვის სლოვაკეთის დედაქალაქის ბრატისლავას სახელის მინიჭებას დაუჭირეს მხარი.
სხდომას დედქალაქის მერის მოადგილე, სხვადასხვა საქალაქო სამსახურების, ასევე სს(ი)პ-ების წარმომადგენლები და არქიტექტორები ესწრებოდნენ.