სახლი, რომლის შესახებაც ამ სტატიაში უნდა გიამბოთ, ბევრ თბილისელს ნანახიც არ აქვს… ის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეზოს სიღრმეში დგას და კულტურულ ძეგლთა ნუსხაშია შესული. თბილისის ერთერთი საგანძური, უნიკალური ცისფერმაქმანებიანი სახლი, ერთ დროს გენერალ ვასილ გაბაშვილს ეკუთვნოდა.
სახლი 1897 წელს, ცნობილი რუსი არქიტექტორის, კორნელი ტატიშჩევის პროექტით აშენდა (რომელიც საქართველოში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. ალექსანდრე შიმკევიჩთან ერთად მას ეკუთვნის თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვანი შენობა, მათ შორის რუსთაველის თეატრის ფასადი).
სუროთი დაფარულ ეზოში, მრგვალი შადრევანი და ალაყაფის ჭიშკარი დღემდე შემორჩენილა, რაც იმ პერიოდის თბილისური სახლების ერთერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო. სახლი, პირველ რიგში მნახველის ყურადღებას ბაროკოსა და როკოკოს სტილში წარმოდგენილი გარე ფასადითა და ულამაზესი ხის ჭვირული აივნით იპყრობს, რომელიც იმდენად დახვეწილი და ფაქიზი ნამუშევარია, რომ მაქმანს მოგვაგონებს. მას სწორედ ასე მოიხსენიებენ “სახლიმაქმანი”.
ამ ულამაზეს შენობას ანალოგი არ გააჩნია. საკმარისია, სადარბაზოს კარი შეაღოთ, რომ მაშინვე შეიგრძნობთ ძველი თბილისის ატმოსფეროს. იმ ატმოსფეროს, რომელიც მხოლოდ წიგნების ფურცლებზე და ქალაქში, ალაგ-ალაგ გაბნეულ დეტალებში თუ შემორჩა. დეტალებში, რომლებსაც წესით სანთლით უნდა ვეძებდეთ და ვუფრთხილდებოდეთ…
სადარბაზო მოხატულია. კედლები და ჭერი უხვადაა შემკული დახვეწილი ჩუქურთმებით. იატაკის მოზაიკური ფილების ორნამენტები რამდენიმე ფერშია შესრულებული.
სახლში, რომელიც კომუნისტურ წლებში, ბოლშევიკების დაუნდობელ ხელს სასწაულებრივად გადაურჩა და ძველი განწყობა შემოინახა, ამჟამად, გაბაშვილისა და ყიფშიძის შთამომავლები ცხოვრობენ.
ამჟამად იქ ნიკოლოზ ყიფშიძის ერთ-ერთი ვაჟის, ნოდარის შთამომავლები (ქალიშვილი ნინო, მისი მეუღლე, მხატვარი დავით სულაკაური და მათი შვილები: ელისო და დარო) ცხოვრობენ. მაქმანიანი სახლი ახლა მთლიანად მათ საკუთრებაშია, რადგან ცხრა წლის მანძილზე, სათითაოდ მოუწიათ იქ მცხოვრები ოჯახებისგან ფართის გამოსყიდვა. რესტავრაციაც საკუთარი სახსრებით შეძლეს.
თუ ერთხელ მაინც გაისეირნებთ რუსთაველის 54-ში და თვალს შეავლებთ ამ ცისფერ მშვენიერებას, ის პირველივე ნახვით დაიპყრობს თქვენს გულს და სამუდამოდ დაგრჩებათ მეხსიერებაში. ცისფერმაქმანიანი სახლი ერთ-ერთი ფასდაუდებელი მარგალიტია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და დღემდე შემოინახა ძველი ტფილისისთვის დამახასიათებელი ავთენტურობა.